ახალი ამბები

შეიძლება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი იყოს-მოსამართლე გვრიტიშვილი ჩანაწერების გავრცელებაზე

1 თებერვალი, 2019 • 1376
შეიძლება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი იყოს-მოსამართლე გვრიტიშვილი ჩანაწერების გავრცელებაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელება “შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს ემსახურებოდეს”.

ამ საკითხზე მას ჟურნალისტებმა დღეს ჰკითხეს, რადგანაც გვრიტიშვილმა მანამდე, 29 იანვარს, რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ”ეკა ბესელიას ხელს აძლევს შექმნილი სიტუაცია პოლიტიკური თვალსაზრისით”.

ამ საკითხზე პირველ თებერვალს დასმულ კითხვებს გვრიტიშვილმა თითქმის იგივე პასუხი გასცა:

„ შექმნილი სიტუაცია არავის ხელს არ აძლევს, არც ხელისუფლებას, რომელსაც აქვს უმძიმესი ვალდებულება, რომ გამოიძიოს ეს დანაშაული უმოკლეს ვადაში და საზოგადოებას წარუდგინოს შედეგები. ასევე, სასამართლო ხელისუფლებას ეს არანაირად არ აძლევს ხელს, ეს არის დამღუპველი, თუ დამტკიცდება რაიმე ფორმით სასამართლო ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის კავშირი ამ ბინძურ დანაშაულთან. აქედან გამომდინარე, ერთადერთი დამრჩა ასეთი ვარაუდის საფუძველი, ეს ხომ არ ემსახურება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს, რომელსაც სურს, თავისი დამოუკიდებელი ადგილი დაიმკვიდროს პოლიტიკურ ცხოვრებაში“ .

“სახიფათო მგონია ჩვენი მოსახლეობის ბედი ასეთი მოსამართლეების ხელში”, – განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ამ განცხადების საპასუხოდ.

დიმიტრი გვრიტიშვილი ერთ-ერთი იყო უვადო მოსამართლედ დასანიშნი იმ ათწევრიანი სიიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარუდგინა.

ამ სიას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა უარი თქვეს კონკურსში მონაწილეობაზე. ამ კანდიდატების უვადო მოსამართლედ დანიშვნას ეწინააღმდეგებოდა ეკა ბესელიაც. ამის გამო  “ქართული ოცნების” გუნდში ურთიერთობები დაიძაბა. ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო სწორედ ამ ფონზე გავრცელდა ინტერნეტში.


I თებერვალი: შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ  16 პირი დააკავეს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე. შსს-ს ცნობით, ეს ადამიანები ინახავდნენ და სოციალური ქსელებში ავრცლებდნენ ჩანაწერს. მათ ბრალი ედებათ 157 პრიმა მუხლის – პირველი და მეორე ნაწილების დარღვევაში.

I თებერვალი: ეკა ბესელია გამოძიებისგან ელის პასუხს კითვაზე,  ვინ იყო ვიდეოს გავრცელების ინიციატორი.

28 იანვარი: პოლიციამ  ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი შესაძლო კადრების გავრცელებაზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის – პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო.

31 იანვარი: სასამართლოს ჯგუფთან კონფლიქტში შესვლას დაემთხვა ეს ამბავი –  განაცხადა ეკა ბესელიამ ამ თემის კომენტირებისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი