ახალი ამბები

ეკა ბესელია გამოძიებისაგან ელის პასუხს, ვინ იყო ვიდეოს გავრცელების ინიციატორი

1 თებერვალი, 2019 •
ეკა ბესელია გამოძიებისაგან ელის პასუხს, ვინ იყო ვიდეოს გავრცელების ინიციატორი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ მიესალმება “გამოძიების სწრაფად მოქმედებას”, თუმცა მას სამართალდამცველებისაგან აინტერესებს პასუხი მთავარ კითხვაზე: – ვინ იყო პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ინიციატორი.

“მე მივესალმები გამოძიების სწრაფად მოქმედებას და ეს, რა თქმა უნდა, დასაწყისია… ეს არ არის დასასრული იმიტომ, რომ საკმოად ბევრი ადამიანია ჩართული ამ დანაშაულში. მე ველოდები გამოძიების შემდეგ ნაბიჯებს. გამავრცელებლების გარდა, ასევე მთავარია ის, ვისგანაც თავიდან წამოვიდა ეს დანაშაულებრივი განზრახვა და გადაწყვეტილება, ანუ ვინც იყო ინიციატორი, ვინ იყო სათავეში. გამოძიებისაგან ამ პასუხს ველოდები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 პირი დააკავეს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე.

შსს-ს ცნობით, ეს ადამიანები ინახავდნენ და სოციალური ქსელებში ავრცლებდნენ ჩანაწერს.

“აღნიშნული ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია 16 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად. ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

ბოლო დღეების განმავლობაში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრები გავრცელდა, თავდაპირველად მომხარებლები ამ ჩანაწერს სხვადასხვა ჩატებში უგზავნიდნენ, ხოლო შემდეგ უკვე საჯაროდაც აიტვირთა ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდზე.

შსს-ს არ დაუკონკრეტებია არის თუ არა დაკავებული ის, ვინც პირველად გაავრცელა ჩანაწერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი