ახალი ამბები

რუსეთი მარტივად არ გადაიხდის კომპენსაციას – თინა ბურჯალიანი

31 იანვარი, 2019 •
რუსეთი მარტივად არ გადაიხდის კომპენსაციას – თინა ბურჯალიანი

იუსტიცის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებულების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა, რუსეთი აიძულოს, კომპენსაცია გადაიხადოს.

როგორც ბურჯალიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, რუსეთის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების სტატისტიკა ძალიან ცუდია.

“რუსეთი, ალბათ, მარტივად და თავისი ნებით არ გადაიხდის ამ თანხას და ქართულმა მხარემ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს. გადაწყვეტილების აღსრულება ევrოპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით მოხდება.  სამართლებრივი ბერკეტები მცირეა დარჩენილი და ახლა მოხდება დიპლომატიური და პოლიტიკური ბერკეტების გამოყენება. დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება არ დაიშურებს ამ დიპლომატიურ  და პოლიტიკურ ბერკეტებს, რათა აიძულოს რუსეთის ფედერაცია, გადაიხადოს კომპენსაციის თანხა და ადამიანებმა, რომლებიც უშუალო მსხვერპლნი გახდნენ რუსეთი ფედერაციის პოლიტიკის, კომპენსაცია მიიღონ. ბუნებრივია, ეს თანხა სრულად ვარანაირად ვერ მოახდენს მათ მიერ მიღებული ზიანის კომპენსირებას, მაგრამ სიმბოლური და პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება”, – განაცხადა ბურჯალიანმა.

თინა ბურჯალიანის თქმით, დიდი დრო დასჭირდა, თუმცა დღეს სტრასბურგის სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა ევროსასამართლოს დიდმა პალატამ. მისი თქმით, რუსეთი არ თანამშრომლობდა სასამართლოსთან იმ ინფორმაციის მიწოდების კუთხით, რომელიც მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ხელთ იყო, მათ შორის, ყველა იმ პირის შესახებ, ვინც იძულებული გახდა, რომ 2006 წელს რუსეთის ფედერაცია დაეტოვებინა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აკრიტიკებს წინა ხელისუფლებას იმის გამო, რომ 4 734 დაზარალებულიდან საილუსტრაციოდ მხოლოდ 118 დაზარალებულის ვინაობა წარადგინა სასამართლოში. წულუკიანის თქმით, 2015 წლიდან იუსტიციის სამინისტროს “მოუწია საქართველოს მთავრობის მიერ  2007 წელს გამოჩენილი სისუსტის გაძლიერება” და საბოლოოდ, სასამართლოს 1795 ქართველი მსხვერპლის შესახებ წარუდგინა ინფორმაცია. თინა ბურჯალიანი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი ძალიან ვიწროპარტიული ამოცანიდან ამოდის, როდესაც აფასებს, ვინ როგორ აწარმოა საქმე.

“თეა წულუკიანის განცხადება გათვლილია იმაზე, რომ ბევრი ადამიანი არ და ვერ წაიკითხავს ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ სასამართლოს რამდენიმე ათეულგვერდიან გადაწყვეტილებას, რომელშიც წერია, რომ ქართულმა მხარემ სასამართლოს მიაწოდა ყველა ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ხელთ იყო ან შესაძლებელი იყო, ჩვენ მიერ ყოფილიყო მოპოვებული. იყო მთელი რიგი დეტალები, რომელიც მხოლოდ რუსეთის მხარეს შეეძლო მიეწოდებინა. იმ დროს ადამიანები რუსეთს ტოვებდნენ საკმაოდ ქაოტურად – სხვადასხვა სასაზღვრო პუნქტების გავლით ხდებოდა შემოსვლა, ზოგჯერ- მესამე ქვეყნის გავლით. პარლამენტთან არსებობდა კომისია, რომელიც ამ ადამიანების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და, ბუნებრივია, არც ამ კომისიას და არც სახალხო დამცველის აპარატს იმ დროს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი აღეწერა.  მიუხედავად ამისა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორში მაქსიმუმი გააკეთა, რომ ეს საქმე მოგვეგო. ქალბატონმა წულუკიანმა მიიღო მოგებული საქმე, რომლის ერთადერთი კომპონენტი იყო დარჩენილი, რომ სასამართლოს დაედგინა კომპენსაციის ოდენობა და არა ის, კომპენსაციას მოგვცემდა თუ არა. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირად ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესების გამო იუსტიციის მინისტრი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლის უკან წაღება უწევს ხშირად”, – განაცხადა ბურჯალიანმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

ამავე თემაზე:

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

მასალების გადაბეჭდვის წესი