ახალი ამბები

პოლიცია ჰესების მოწინააღმდეგე პანკისელებზე ზეწოლას ახდენს — აქტივისტები

30 იანვარი, 2019 • 1741
პოლიცია ჰესების მოწინააღმდეგე პანკისელებზე ზეწოლას ახდენს — აქტივისტები

პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე რამდენიმე ადამიანი პოლიციაში დაიბარეს, — იუწყებიან იქაური აქტივისტები. უფლებადამცველი ორგანიზაცია EMC ამას უწოდებს შსს-ს მიერ პანკისელების “შევიწროების და კონტროლის პრაქტიკის” ნაწილს.

29 იანვარს ხეობაში გამართულ სახალხო კრებაზე, რომელიც შარშან, სექტემბერში შეიქმნა და ახალგაზრდებსა და უხუცესებს აერთიანებს, აქტივისტებმა ჰესების მშენებლობის საკითხზე იმსჯელეს. ისინი თვეებია ეწინააღმდეგებიან ჰესების კასკადის მშენებლობას.

როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, წერს, კრების დასრულების შემდეგ პოლიციელებმა შეხვედრის მონაწილე რამდენიმე უხუცესი პოლიციის განყოფილებისკენ წაიყვანეს.

როგორც ნეტგაზეთს პანკისიდან აცნობეს, პოლიციელებმა აქტივისტებს უთხრეს, “ხალხისთვის აეხსნათ, რომ ეს სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტია. თქვენ თუ გაჩერდებით, ხალხიც გაჩერდებაო”.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC-ის) ინფორმაციით, “მათ რამდენიმე საათის გამავლობაში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ჰესების მშენებლობის მხარდაჭერის აუცილებლობაში არწმუნებდნენ”.

ისლამ გორგიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი პანკისიდან, ფეისბუკზე წერს, რომ “აქამდე ძირითადად ახალგაზრდებს იბარებდნენ, ახლა უფროსებზე გადავიდნენ”, თუმცა “პოლიტიკა არ იცვლება”.

მათივე ცნობით, შსს-ს მხრიდან ასეთი ქმედება ხეობის მოსახლეობასთან პირველად არ ხდება: “საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებისა და აქტივისტების პოლიციის განყოფილებაში დაბარებამ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკითხვამ და დაშინების მცდელობებმა პრაქტიკის ხასიათი მიიღო”.

EMC შსს-ს მოუწოდებს, “დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პანკისის ხეობის მოსახლეობის დაშინებისა და მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკა და საკუთარი საქმიანობა პანკისის ხეობაში არსებითად მოაქციოს კანონის მოთხოვნებში”; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი მოუწოდებს, გაითვალისწინონ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივების წუხილი და ადეკვატურად შეაფასონ მშენებლობისათან დაკავშირებული რისკები.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს ინფორმაციის გადასამოწმებლად. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი