ახალი ამბები

სამგლოვიარო აქცია 4 წლის ბავშვის გარდაცვალების გამო, სანთლებითა და მოთხოვნებით

25 იანვარი, 2019 • 2089
სამგლოვიარო აქცია 4 წლის ბავშვის გარდაცვალების გამო, სანთლებითა და მოთხოვნებით

მოქალაქეები თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, 22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის სამგლოვიარო აქციაზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ყვავილები, სანთლები და სათამაშოები მიიტანეს.

შეკრების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დაღუპულ ბავშვზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. მათი თქმით, არაერთმა უწყებამ იცოდა მასზე ოჯახში განხორციელებული ძალადობის შესახებ, თუმცა სათანადოდ არ უმოქმედიათ. ისინი სახელმწიფოს საქმის მასალების გასაჯაროებისა და გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

“[ბავშვის] სიკვდილზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, რადგან ყველა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ იცოდა, რომ მას სცემდნენ, უყვიროდნენ და ატირებდნენ სისტემატურად. ამას ადასტურებენ მეზობლები, რომლებიც იძახებდნენ პოლიციას და სოციალურ მუშაკებს. დღეს ჯანდაცვის სამინისტრო უტიფრად ტყუის, რომ ამ ოჯახში პრობლემა არ არსებობდა და თავად კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ.

ამ ქვეყანაში ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან, მათ სცემენ და კლავენ საკუთარ ოჯახებში. სახელმწიფო კი მათ უგულებელყოფს. საქართველოში ძირეულად შესაცვლელია ბავშვზე ზრუნვის სისტემა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაასაჯაროოს საქმის მასალები; დაიწყოს გამოძიება საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ გულგრილობაზე; უფლებამოსილება შეუჩეროს პირებს, ვინც არაჯეროვნად მუშაობდა ამ ოჯახთან და დაიწყოს ძირეული რეფორმები ბავშვთა დასაცავად!” – ვკითხულობთ ფეისბუქით დაგეგმილი აქციის აღწერაში.

4 წლის ბავშვის სამგლოვიარო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. ფოტო: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

თბილისში, სანზონაში, 22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა . ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. იმავე დღეს ბავშვის დედა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს ,24 იანვარს კი, ორდერის დარღვევის საქმეზე, სასამართლომ ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

რაც შეეხება დაკავებულის ადვოკატს, პროცესის შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასწორ გარემოებას ეფუძნებოდა. მისი თქმით, დედას ორდერის პირობები არ დაურღვევია, ვინაიდან ორდერში ეწერა, რომ მსხვერპლი მშობლისგან უნდა გარიდებულიყო, რაც არ განხორციელებულა. ადვოკატის თქმით, ამ შემთხვევაში სოციალური სააგენტოსა და სამართალდამცველების ბრალეულობა იკვეთება.

როგორც ირკვევა, ბავშვს ჯერ კიდევ სიკვდილამდე აღენიშნებოდა ძალადობის ნიშნები, მის ბიოლოგიურ დედაზე კი გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი. ამ დროისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს არ აქვს პასუხი, იცოდა თუ არა უწყებამ, რომ ბავშვის დედაზე ორდერი იყო გამოწერილი და თუ იცოდა, რატომ დატოვა მცირეწლოვანი იმავე ოჯახში.

მასალების გადაბეჭდვის წესი