საქართველოს მთავარი პროკურატურა

4 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე პროკურატურამ დედას ბრალი დაუმძიმა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 25 თებერვალს თბილისში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბავშვის დედას დაზუსტებული ბრალი წარედგინა.

პროკურატურის ცნობით, ბავშვის დედას ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით წაუყენეს:

  • 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ),
  • 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა და ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ)
  • 111.381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა).

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან – 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ბრალდებულმა თავის არასრულწლოვან შვილს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება. შედეგად, 2019 წლის 22 იანვარის დილას ბავშვი გარდაიცვალა,” – აცხადებენ პროკურატურაში.

შემაკავებელი ორდერის დარღვევის საქმეზე 22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ  24 იანვარს მიიღო.

4 წლის ბავშვის ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. იმავე დღეს ბავშვის დედა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, დედას ორდერის პირობები არ დაურღვევია, ვინაიდან ორდერში ეწერა, რომ მსხვერპლი მშობლისგან უნდა გარიდებულიყო. ადვოკატის თქმით, ამ შემთხვევაში სოციალური სააგენტოსა და სამართალდამცველების ბრალეულობა იკვეთება.

“ორდერში, რომელიც 2019 წლის 6 იანვარს გამოიწერა, ცალსახად წერია, რომ ბრალდებული არ უნდა მიახლოვებოდა დაზარალებულის საცხოვრებელ ადგილს, არ უნდა ეცადა მასთან კომუნიკაცია, თუმცა, დაზარალებული განრიდებული უნდა ყოფილიყო მოძალადისგან, რაც არ განხორციელებულა. სამართალდამცავებსა და სოციალურ სამსახურს ბავშვი უნდა განერიდებინა. თუ განრიდება მოხდებოდა და ამის შემდეგ მიუახლოვდებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბავშვს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნებოდა ორდერის დარღვევა სახეზე,” – განაცხადა ჟურნალისტებთან ბრალდებულის ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.