ახალი ამბები

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

25 ივლისი, 2019 • 1333
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბავშვის დედას ბრალი არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედებოდა:

“სასამართლომ ლ.ქ. დამნაშავედ ცნო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, ე.ი. სხეულის დაზიანებისათვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ასევე, დამნაშავედ ცნო, რომ ჩაიდინა სისტემატური ცემა და ძალადობა ოჯახის წევრის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117 ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ასევე, დამნაშავედ ცნო, რომ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ, რისთვისაც საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით”, – ვკითხულობთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლოში აცხადებენ, რომ საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით და ექსპერტიზის დასკვნებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულებების ჩადენა:

“კერძოდ, უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 იანვარს ლ.ქ-ს მიმართ 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა არასრუწლოვან შვილთან – ნ.ზ-სთან ან მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია, აღნიშნულის მიუხედავად, 2019 წლის 8 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით ლ.ქ. იმყოფებოდა იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე ცხოვრობდა მსხვერპლი ნ.ზ.

გარდა ამისა, უტყუარად დადასტურდა ის ფაქტი, რომ ლ.ქ. 2019 წლის იანვრის თვის დასაწყისიდან 22 იანვრამდე დროის პერიოდში თავის არასრუწლოვან შვილ,ს ნ.ზ-ს სისტემატურად სცემდა და ახორციელებდა მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნ.ზ. განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში აღენიშნებოდა სხვადასხვა ხანდაზმულობის დაზიანებები, სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ასევე 2019 წლის 21 იანვრიდან 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ-მ თავის არასრუწლოვან შვილს, ნ.ზ-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, კერძოდ, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა, რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევა თავის ქალის ღრუში და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, ღეროს დისლოკაცია და ჩაჭედვა კეფის დიდ ხვრელში, რაც გახდა არასრუწლოვანი ნ.ზ-ს გარდაცვალების მიზეზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი