ახალი ამბები

სისხლის ტესტმა შეიძლება, ალცჰაიმერი სიმპტომებამდე 16 წლით ადრე გამოავლინოს

24 იანვარი, 2019 • 1938
სისხლის ტესტმა შეიძლება, ალცჰაიმერი სიმპტომებამდე 16 წლით ადრე გამოავლინოს

კვლევაში მონაწილე მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სისხლში პროტეინის (სახელწოდებით, “ნეიროფილამენტური სინათლის ჯაჭვი”, შემოკლებით კი – NfL) დონის ნებისმიერი ცვლილება, შესაძლოა, ალცჰაიმერის ადრეულ წინაპირობად განვიხილოთ.

NfL არის “მარკერი სისხლში, რომელიც მიგვითითებს ნერვული უჯრედების დაკარგვაზე ტვინში”,  – ამბობს კვლევის წამყვანი მეცნიერი მათიას იუკერი, ნეიროდეგენერაციული დაავადებების გერმანული ცენტრის პროფესორი, და აღნიშნავს, რომ “რაც მეტი ნეიროფილამენტია სისხლში, მით მეტად ზიანდება უჯრედი”. მისივე თქმით, მაშინ, როცა ალცჰაიმერის მკურნალობის ეფექტური პროცედურა არ არსებობს, ახალი კვლევა “ძალიან მნიშვნელოვანია კლინიკური ცოდნისათვის”.

იუკერი ასევე დასძენს, რომ “ალცჰაიმერი იწყება სიმპტომების გამოვლენამდე 10, შესაძლოა, 20 წლით ადრეც”.

ჯამში, მკვლევრები 405 ადამიანს აკვირდებოდნენ – აქედან 243 მატარებელია გენური მუტაციისა, რომელთა გამოც ისინი მიდრეკილნი არიან ალცჰაიმერისაკენ, დანარჩენი 162 (საკონტროლო ჯგუფი) კი აღნიშნული მუტაციისაგან თავისუფალია.

კვლევის პროცესში მონაწილეების სისხლში NfL-ს დონეს სისხლის ნიმუშებით, ტვინის ნეიროვიზუალური სურათითა და სხვა მეთოდებით ზომავდნენ. აღმოჩნდა, რომ სიმპტომების გამოვლენამდე 6 წელიწადზე მეტი ხნით ადრე, სისხლში პროტეინის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალი იყო მუტაციის მატარებელ ადამიანებში. რაც შეეხება NfL-ის დონის ცვლილების მაჩვენებლის შედარებას ჯგუფებს შორის – მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ეს მაჩვენებელი მუტაციის მატარებელთა შორის უფრო მაღალი იყო ალცჰაიმერის სიმპტომების გამოვლენამდე 16 წლით ადრე.

ამასთან, კვლევამ გამოკვეთა თანხვედრა პროტეინის დონის ცვლის მაჩვენებელსა და ტვინის უჯრედების დაკარგვის პროცესს შორის.

პროტეინ NfL-ს დონის მატება მხოლოდ ალცჰაიმერს არ ახასიათებს და სხვა დაავადებების მიმართაც იჩენს თავს. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა აზრით, კვლევა იმედს იძლევა სამომავლოდ ალცჰაიმერის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი