ახალი ამბებისაზოგადოებასამართალი

13 წლის ბავშვის სიკვდილი ჯართის შეგროვებისას, რაც “უბედურ შემთხვევაზე” მეტია

22 იანვარი, 2019 •
13 წლის ბავშვის სიკვდილი ჯართის შეგროვებისას, რაც “უბედურ შემთხვევაზე” მეტია

13 წლის ბავშვი ჯართის შეგროვებისას დაიღუპა. რა ვიცით მასზე, მის ოჯახზე, სიკვდილის გარემოებებზე? რა პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიას, რომლის უნებართვოდ ამოთხრილ ორმოშიც ჩავარდა არასრულოვანი, და სახელმწიფოს, სადაც ბავშვებს ჯართის შეგროვება უწევთ?

გიგა

გიგა მამულაშვილი მე-8 კლასში სწავლობდა, თბილისის გარეუბნის ერთ-ერთ სკოლაში, სახლიდან ნახევარი საათის სავალზე. 2-3 წელია, რაც ჯართის მოსაგროვებლად ახლომახლო მიდამოებში გადიოდა ხოლმე.

გიგა მამულაშვილი

საახალწლო დასვენების ბოლო პარასკევსაც, 18 იანვარს, დღის პირველის ნახევრისკენ, ბიძასთან მივიდა და წერაქვი სთხოვა, ჯართის საძებნელად მჭირდებაო. თან ველოსიპედი ჰქონდა. “დაჟინებული ბავშვი იყო, რაღაცას რომ იტყოდა, ვერ გადაათქმევინებდი”, – იხსენებს ბიძამისი.

საღამოს, დაახლოებით 7 საათისთვის, როცა გიგა აღარ გამოჩნდა, ოჯახში შეშფოთდნენ, რადგან “დიდი ხნით გასვლა არ იცოდა ხოლმე”, პოლიციაში დარეკეს და მის ძებნას შეუდგნენ.

ჯერ ველოსიპედი იპოვეს. სახლიდან ორიოდე კილომეტრის მოშორებით, ქიზიყის ქუჩაზე, ავტობუსის გაჩერების პირდაპირ, ფართო თხრილთან იყო მიტოვებული.

მამამ და პოლიციელებმა ჯერ თხრილში ჩაიხედეს, თუმცა შიგ არაფერი ჩანდა. მამამ თხრა მაინც დაიწყო, მაგრამ მალევე დანებდა და ძებნა სხვაგან გააგრძელეს.

თხრილი სიგრძეში, დაახლოებით 17-მდე მეტრი იქნება, სიმაღლეში კი, ორნახევარ მეტრამდე. თხრილს გამაფრთხილებელი ლენტი შემოვლებული არ ჰქონია, ახლომახლო არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი ყოფილა.

ცოტა ხანში თხრილთან გიგას ძმასთან ერთად ბიძა მივიდა და დარწმუნებულმა, რადგან ველოსიპედი იქ იყო, ბავშვი აქ ჩამოძვრებოდაო, ფრთხილად დაიწყო თხრა.

დაახლოებით 20-25 სანტიმეტრის სიღრმეზე მკლავს მიაგნო.

გიგა უკვე გარდაცვლილი იყო.

საიდან გაჩნდა თხრილი?

თხრილი, რომელშიც გიგა მამულაშვილის ცხედარი იპოვეს, კომპანია “კრიალას” შენობის გალავანთანაა გათხრილი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა კომპანია “კრიალას” საჯარო ბაზებში მითითებულ ორ ნომერზე; ორივეგან გვითხრეს, რომ საკითხის დეტალების შესახებ საუბარი არ შეეძლოთ და დირექტორთან, მალხაზ გოგიტიძესთან გადაგვამისამართეს, თუმცა მასთან არ დაგვაკავშირეს.

საბოლოოდ, ნეტგაზეთმა მოახერხა დაკავშირებოდა “კრიალას” შრომის უსაფრთხოების მენეჯერს, ზაზა გურგენიძეს. ნეტგაზეთის სურდა დაეზუსტებინა დეტალები და კომპანიისთვის ეკითხა, მას შემდეგ, რაც კანალიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად ამოთხარეს მიწა [ამაზე რუსთავი 2-ის სიუჟეტშია საუბარი], თხრილი რატომ არ ამოავსეს, ან რატომ არ შემოსაზღვრეს, ან გამაფრთხილებელი ნიშნები რატომ არ დატოვეს; თუმცა შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა არ მოისურვა ჩვენი კითხვების მოსმენა — მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ჟურნალისტს ელაპარაკებოდა, გვითხრა — “კარგად იყავით” — და ყურმილი დაგვიკიდა.

მერიის მუნიციპალური ინსპექციაში გვითხრეს, რომ კომპანია “კრიალამ” თვითნებურად გათხარა თხრილი, მათ ამის ნებართვა მერიისგან არ ჰქონიათ და ამის გამო კომპანია 3 000 ლარით დაჯარიმდა.

ინსპექციაში ამბობენ, რომ თხრილის შესახებ შეტყობინება მათთან შაბათს, 19 იანვარს შევიდა და ამის შემდეგ მოახდინეს რეაგირება, ხოლო მანამდე მათთან ამ თხრილთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა.

“კრიალა” ქაღალდის მწარმოებელი/გადამამუშავებელი კომპანიაა, ის მედია-ჰოლდინგ “პალიტრის” შვილობილია.

გამოძიება

გამოცემა “ინტერპრესნიუსმა”, რომელიც ასევე “პალიტრის” საკუთრებაშია, გაავრცელა სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც ველოსიპედით მიმავალი ბავშვი ჩანს. იგი 13:07 წუთზე თხრილთან ჩერდება, ველოსიპედს ტოვებს და, სავარაუდოდ, წერაქვით თხრილისკენ ეშვება;

ამის შემდეგ IPN წერს, რომ “დაახლოებით საათნახევარში თხრილთან ჩერდება მანქანა, იქვე ჩანს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც დგანან თხრილთან და გარკვეული დროის შემდეგ მიდიან”, თუმცა ამის ამსახველი ვიდეომასალა არ გავრცელებულა.

სათვალთვალო კამერა 18 იანვარს 13:07 საათზე აფიქსირებს, როგორ ჩამოდის ველოსიპედიდან ბავშვი და თხრილში ჩადის. სქრინშოთი: IPN

ბიძა ფიქრობს, რომ თხრილში ჩასვლის შემდეგ გიგას ფეხი დაუცდა, მიწა ჩამოექცა თავზე, ქვეშ მოიყოლა და ამის შედეგად გარდაიცვალა;

შსს ჯერჯერობით არ საუბრობს საქმის დეტალების შესახებ, თუმცა გვითხრეს, რომ გამოძიება ორი მუხლით გრძელდება — თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სამშენებლო სამუშაოზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლებით. ეს უკანასკნელი 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ოჯახი

გიგას, ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა. სამ შვილს შორის გიგა ნაბოლარა იყო.

უფროს და-ძმას თავ-თავიანთი ოჯახები ჰყავთ. ძმა, ცოლ-შვილთან ერთად, იმავე სახლში ცხოვრობს. ბიძაც იმავე ეზოში, გვერდითა სახლში ცხოვრობს;

მამულაშვილების ერთსართულიან სახლს კედლებად შეულესავი ბლოკები აქვს, რომლებშიც მოუხერხებლადაა ჩასმული ხის ფანჯრები.

ოჯახი სამძიმარს პატარა ოთახში იღებს, რომელსაც სახელდახელოდ გაყვანილი ნათურა ანათებს.

დედა არ მუშაობს და ძირითადად სახლშია ხოლმე. მამა, როგორც ბიძა გვიყვება, “შიგადაშიგ მუშაობს” და ერთჯერად ფიზიკურ სამუშაოებს ასრულებს.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველი იყო, ოჯახში ამბობენ, რომ მშობლები გიგას “არაფერს არ აკლებდნენ”. როგორც ბავშვის ბებია ამბობს, მათ სულაც არ უჭირდათ ისე, “როგორც ამას ტელევიზიებში აჩვენებენ”.

იმ სკოლის დირექტორი, სადაც გიგა დადიოდა, ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ბავშვი “ჩვეულებრივად დადიოდა სკოლაში”, ხოლო თუკი ოდესმე გააცდენდა, ყოველთვის იცოდნენ ამის მიზეზი და დედასთან ახლო კომუნიკაციაში იყვნენ.

ნეტგაზეთის კითხვაზე, იცოდნენ თუ არა სკოლაში, რომ ბავშვი ჯართის შესაგროვებლად დადიოდა ხოლმე, დირექტორმა გვიპასუხა, რომ ამაზე მშობლების გარდა ვერავინ გვიპასუხებს, შემდეგ კი დასძინა:

“…ჩვენ როგორ გითხრათ ეგ, ვერც ვერავინ [გეტყვით]… ბავშვი გადის. ყველა ბავშვი გაკვეთილების შემდეგ გადის გარეთ… ნამდვილად ვერ გეტყვით. რომ ჰქონდათ ფული, რომ ჰქონოდათ მშობლებს შესაძლებლობა, კვადროციკლი ეყიდათ, ხომ არ გააკეთებდა ეგრე? არ ჰქონდა და იმიტომ ცდილობდა, რაღაც თვითონ მოეგროვებინა. მეც მშობლებისგან ვიცი ეს”.

ბავშვთა შრომა

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე გვიხსნის, კონკრეტულად გიგა მამულაშვილის საქმე საკითხის შესწავლის შემდეგ უნდა შეფასდეს, თუმცა მისი სიკვდილის მიღმა არსებულ ზოგად ფონზე მსჯელობისას ორ საკითხს უნდა მივაქციოთ ყურადღება — ბავშვთა შრომასა და ბავშვთა სიღარიბეს, რომელიც ბავშვთა შრომის გამომწვევი მიზეზია.

საქსტატის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად მომზადებულ 2015 წლის კვლევის თანახმად, 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების 4.2% ბავშვთა შრომაში იყო ჩართული, მათი თითქმის 64% კი — სახიფათო შრომაში;

ეს მონაცემები კვლევაში ასე იყო განზოგადებული: 24 400 ბავშვი ბავშვთა შრომაშია ჩართული, მათგან 15 600 – სახიფათო შრომაში; ეს ნიშნავს, რომ ამ ბავშვებს მუშაობა სახიფათო გარემოში უწევთ.

“როცა ბავშვთა შრომაზე ვსაუბრობთ, იგულისხმება ისეთი შრომა, რომელიც ბავშვის განვითარებას ნამდვილად არ უწყობს ხელს და თავისთავად უარყოფითი მოვლენაა; აქ არ ვსაუბრობთ იმ ბავშვებზე, რომლებიც შეიძლება ოჯახში ეხმარებოდნენ მშობლებს”, – გვიხსნის ქურციკიძე. მისივე თქმით, “საქართველო მიერთებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციას, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, დაიცვას ბავშვი სახიფათო შრომისგან — ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მისი ჯანმრთელობისათვის და, ამასთანავე, ხელს უშლიდეს ბავშვს განათლების მიღებაში”.

ამ საერთაშორისო ვალდებულებებში შედის სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკის განსაზღვრა, და საქართველოში არის კიდეც ეს განსაზღვრული — 16 წელი; “თუმცა მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს სახიფათო სამუშაოების ჩამონათვალი”, – ამბობს ქურციკიძე და დასძენს, რომ “ეს ნუსხა ხელს შეუწყობს საკანონმდებლო რეგულაციების განმტკიცებას”.

საქსტატი/ILO-ს აღნიშნულ კვლევაში, როგორც ქურციკიძე შენიშნავს, არ იყო შესწავლილი მიზეზები, თუ რა უბიძგებს ბავშვებს, იმუშაონ. “ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სიღარიბე და ოჯახების სოციალური მდგომარეობა, თუმცა მნიშვნელოვანია იმ მიზეზების დადგენა, თუ კონკრეტულად რა უბიძგებს ბავშვებს და, შესაბამისად, მათს ოჯახებს, რომ ამ გზას მიმართონ. შემდეგ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯები ამ ოჯახების დასახმარებლად”, – ამბობს იგი.

სოციალური პოლიტიკა

გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) მოსახლეობის კეთილდღეობის 2018 წლის კვლევის თანახმად, ბავშვების 6.8% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ზოგადი სიღარიბის უფრო რეალისტური ზღვრის ქვემოთ კი იმყოფება ბავშვების 27.6% — მეოთხედზე მეტი.

უკიდურესი სიღარიბის ზღვრად ორგანიზაციას მიჩნეული ჰქონდა 1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე გაანგარიშებით თვეში 82.8 ლარს შეესაბამება, ზოგადი სიღარიბის ზღვრად კი — დღეში 2.5 აშშ დოლარი (თვეში 165.5 ლარი).

ეს Unicef-ის ის კვლევაა, რომელიც 2018 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობის ცვლილების მიზეზად დასახელდა; ამის შემდეგ დაინიშნა ახალი პრემიერ-მინისტრი, შეიცვალა მთავრობა. რა გაკეთდა რეალობის შესაცვლელად?

როგორც Unicef-ის წარმომადგენელი, მაია ქურციკიძე, ამბობს, 10-დან 50 ლარამდე გაიზარდა სოციალური დახმარება ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის, რასაც იგი პოზიტიურად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ კიდევ უნდა გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები.

ამ ნაბიჯს “ფრაგმენტულს” უწოდებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC-ის) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, კოტე ერისთავი და ამბობს, რომ “მსგავსი ნაბიჯები სისტემური სოციალური პოლიტიკის ნაწილი არ არის და ის სიღარიბის პრობლემის გადაჭრის ინსტრუმენტი ვერ იქნება”.

მაია ქურციკიძე ამბობს, რომ Unicef მთავრობასთან თანამშრომლობს “მიზნობრივი სოციალური პროგრამის გაუმჯობესებისა და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობის შემცირების მიზნით”.

“ჩვენი დახმარებით, მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, მიზნობრივი სოციალური დახმარება ახლა უკეთ ხედავს ბავშვიან ოჯახებს და იმედი გვაქვს, რომ ეს ხელს შეუწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას. თუმცა, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, რომ განახორციელოს მთავრობამ დამატებითი ღონისძიებები იმ ღარიბი ბავშვების დასახმარებლად, რომლებსაც ვერ ფარავს მიზნობრივი დახმარების პროგრამა. ეს მიზნობრივი დახმარების პროგრამა მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებულ მოსახლეობას და ოჯახებს ეხმარება. ეს არ წყვეტს მთლიანად სიღარიბის პრობლემას, რომელიც ბევრ სხვა ოჯახს აწუხებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, დამატებითი ღონისძიებები გატარდეს იმ ბავშვების დასახმარებლად, რომლებიც ვერ ხვდებიან მიზნობრივი დახმარების პროგრამებში”, – გვიხსნის ქურციკიძე.

იგი სიღარიბეს “დინამიკურ პროცესად” აღწერს: “ადამიანები ძალიან მალე ღარიბდებიან. ამის შემდეგ კი შეიძლება მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მაგრამ შეიძლება ამ პროცესის უკუქცევა მოხდეს”.

მაია ქურციკიძის თანახმადვე, მნიშნველოვანია, სახელმწიფოში “ძლიერი და ქმედითი სოციალური დაცვის სისტემა შეიქმნას, რომელიც ამ გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარება. სისტემურ დონეზეა საჭირო ცვლილებები და ოჯახების გაძლიერება, რომ ამ რისკის წინაშე მყოფი ოჯახების მდგომარეობა გაუმჯობესდეს”;

კოტე ერისთავი გვეუბნება: “ზოგადად, საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფა არ კმარა ბავშვის/ადამიანის შესაძლებლობების განვითარებისთვის, თუ ეს ადამიანი იმ სისტემაშივე აგრძელებს ცხოვრებას, რომელიც სხვებს ამდიდრებს და მას აღარიბებს. თუ ადამიანს აქვს სისტემური ბარიერი წარმატებისკენ, საარსებო მინიმუმი უბრალოდ გაახანგრძლივებს მის ფიზიკურ არსებობას და უცვლელს დატოვებს მის სოციალურ ყოფას”.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა

მამულაშვილების ოჯახში გვითხრეს, რომ მათთან ადგილობრივი ხელისუფლების (გამგეობის) წარმომადგენლები მივიდნენ და დახმარება აღუთქვეს, თუმცა ბავშვის სიკვდილის შემდეგ მათთან ცენტრალური ხელისუფლების წევრები არ მისულან; იგი არცერთ ლიდერს არ უხსენებია საჯარო გამოსვლებში, მისი სიკვდილის გარემოებებზე არ ულაპარაკიათ.

“ამ ფაქტზე სახელმწიფო მესვეურების დუმილი გვაფიქრებინებს, რომ თითქოს მათაც დაიჯერეს, რომ გიგა მამულაშვილის სიკვდილი გულდასაწყვეტი, თუმცა ერთი კერძო შემთხვევაა”, – გვეუბნება გვეუბნება (EMC-ის) პროგრამის დირექტორი, კოტე ერისთავი. მისი აზრით, ბავშვის სიკვდილის მხოლოდ “უბედურ შემთხვევად” მოხსენიება არის “კიდევ ერთი მცდელობა, ბედის უკუღმართობად და გარდაუვალობად წარმოაჩინონ ის, რაც, რეალურად, სოციალურად უპასუხისმგებლო სახელმწიფოს ბრალია”.

კოტე ერისთავი, EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორი. სქრინშოთი: Artarea/Frontline Club

“სინამდვილეში, ამ შემთხვევამ ჩვენ წინაშე ერთიანად გადაშალა უამრავი მწვავე სოციალური პრობლემა, რომელთა მოგვარება სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება უნდა იყოს, იქნება ეს სიღარიბე, უთანასწორობა, ბავშვების შრომა, უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტების დაუცცველობა თუ სხვა”, -ეუბნება ერისთავი ნეტგაზეთს.

კოტე ერისთავის აზრით, “პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა მხოლოდ უშუალო დამრღვევებს, არამედ სახელმწიფოს, იმ პოლიტიკის გამო, რომელიც უკვე ათწლეულებია ამ ქვეყანაში უცვლელად წარმოშობს უსამართლობას… აუცილებელია ბავშთა სიღარიბის და შრომის საკითხები შემოვიდეს პოლიტიკურ დღის წესრიგში, იქცეს სისტემური პოლიტიკის ნაწილად და არა მოკლევადიანი პოლიტიკური სარგებლის მიღების საშუალებად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი