ახალი ამბები

პოლიციამ აფრიკის დასახლებაში გარდაცვლილი იპოვა მოზარდი, რომელსაც ოჯახი ეძებდა

19 იანვარი, 2019 • 2843
პოლიციამ აფრიკის დასახლებაში გარდაცვლილი იპოვა მოზარდი, რომელსაც ოჯახი ეძებდა

2005 წელს დაბადებული ბიჭი, რომელთან დაკავშირებითაც ოჯახმა პოლიციამ 18 იანვარს მიმართა, პოლიციამ გუშინვე თბილისში, აფრიკის დასახლებაში, გარდაცვლილი იპოვა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე, რომლის მიმდებარედაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ბიჭი თხრილში იყო ჩასული, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და მოზარდი მოიყოლა.

ტელეკომპანია “რუსთავი2” იუწყება, რომ მოზარდი სახლიდან ორი დღის წინ გავიდა, გუშინ კი საცხოვრებლიდან სამ კილომეტრში იპოვეს. უბედური შემთხვევის დროს ის თხრილში იმყოფებოდა, სადაც ჯართის შესაგროვებლად იყო ჩასული. ერთ–ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიას უყვება, რომ თხრილთან ბიჭის ველოსიპედი და ჯართის შესაგროვებლად მიტანილი ხელსაწყოები ნახეს.

ტელეარხის ცნობით, მოზარდი გაჭირვებული ოჯახიდან იყო და მის დასახმარებლად ჯართს ხშირად აგროვებდა.

შსს–ს ცნობით, გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის(სსკ–ს 240) და თვითმკვლელობამდე მიყვანის(სსკ–ს115–ე) მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი