ახალი ამბები

“ერგნეთის ბაზრობა” კონფლიქტის შედეგების აღმოსაფხვრელად

14 ივლისი, 2014 • • 3753
“ერგნეთის ბაზრობა” კონფლიქტის შედეგების აღმოსაფხვრელად

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან გამყოფ ხაზებთან მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრების შექმნის იდეა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივაა, თუმცა პროექტის სხვა დეტალები უცნობია. როგორც “ნეტგაზეთს” სამინისტროში განუცხადეს, ამ ინიციატივის მიხედვით, სავაჭრო ცენტრები თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე განთავსდება, შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში რაიმე სახის ცვლილების შეტანა არ იქნება საჭირო. ამასთან, ცნობილია, რომ სავაჭრო ცენტრები კერძო ინვესტიციებით განხორციელდება.

 

ერგნეთის ბაზრობა/რადიო თავისუფლების ფოტო
ერგნეთის ბაზრობა/რადიო თავისუფლების ფოტო

ზემოხსენებული ინიციატივა ერგნეთის ბაზრობის ასოციაციას აჩენს, რომელიც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004 წელს დაიხურა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით:

“ამ ბაზრობის მეშვეობით ბევრი ადამიანი ურთიერთობდა მაშინ. ასეულობით ათასი, მილიონობით თანხა ბრუნავდა… იყო შემთხვევები, როდესაც ქართველები და ოსები 30, 50 ათასის ღირებულების საქონელს ანდობდნენ ერთმანეთს სხვადასხვა საქმეში”, – ამბობს კოალიცია – ”დევნილთა უფლებებისათვის” წარმომადგენელი ზურაბ ბენდიანიშვილი, რომელიც ქართული-ოსური ურთიერთობების განვითარების დინამიკას აკვირდება.

მისი აზრით, “ახალი ერგნეთის ბაზარი” ამ მასშტაბის ცენტრი ვეღარ იქნება სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, თუმცა ადამიანებს შორის ნდობის აღდგენისა და ურთიერთობების დაწყების თვალსაზრისით, პოზიტიურ ეფექტს მაინც იქონიებს:

 

“ცხადია, ადრე კონტრაბანდა იყო. გავიხსენოთ, რა პროდუქცია ბრუნავდა მაშინ ერგნეთის ბაზარზე: ფქვილი, ნავთობის მასალები, სპირტი, სიგარეტი – ანუ ის საქონელი, რაც დღეს ასეთ რეჟიმში ვეღარ იქნება. ვაჭრობა და ბაზრობა ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ ძველი ფორმით ეს ბაზრობა, რა თქმა უნდა, გამორიცხულია ახლა… ჩემი აზრით, ახლა ეს მხოლოდ ლოკალურ აგრარულ ბაზარზე იქნება ორინეტირებული, რომელიც ძველ მასშტაბებს ვერც კი მიუახლოვდება,  ზოგადად იდეა პოზიტიურია”.

ადამიანებს შორის ვაჭრობისა და ურთიერთობის სივრცის შექმნის იდეა მოსწონს პოლიტოლოგ ელენე ხოშტარიასაც, თუმცა, მისი თქმით, მსგავსმა სავაჭრო ცენტრმა ქვეყანა სხვა მიმართულებით არ უნდა დააზარალოს:

“ბუნებრივია, ამოცანა რომ იყოს ვაჭრობა და კონტაქტები, მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ამოცანამ ქვეყნისთვის სხვა ასევე მნიშვნელოვანი თემები არ უნდა დააზიანოს, ანუ არ უნდა შეიქმნას შავი ხვრელი, შავი ბაზარი, რაც ხელს უწყობს არაკონტროლირებად პროცესებს, კრიმინალს და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან რომანტიკულად საუბრობენ ერგნეთის ბაზარზე, თავის დროზე ეს ძალიან ბევრი პრობლემის მომტანი იყო. მე, პირველ რიგში, მაწუხებს ჩვენი ხელისუფლების, ერთი მხრივ, უუნარობა, მეორე მხრივ, ხედვის არარსებობა, ან უფრო უარესი – ცუდი ხედვები და რუსეთთან ბევრი რაღაცის დათმობა. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, მე შიშით ვუყურებ ერგნეთის ბაზრობის იდეას, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ამას ისე გააკეთებენ, როგორც საჭიროა და ეს შეიძლება ნეგატიურ მოვლენად შემოგვიტრიალდეს. თავისთავად, თუ მოხერხდება ისეთ ფორმატზე შეთანხმება, რომელიც ქართულ კანონმდებლობას არ დაარღვევს და არ შექმნის შავ ხვრელებს, რა თქმა უნდა, ვაჭრობის ხელშეწყობა ცუდი არ არის”, – აცხადებს ხოშტარია.

ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე ცხინვალს და რუსეთს, თუმცა ზურაბ ბენდიანიშვილი ვარაუდობს, რომ სამხრეთ ოსეთის მმართველ გუნდში ბაზრობის გახსნის ინიციატივას სიხარულით არ შეხვდებიან:

“ჩემი ინფორმაციით, ცხინვალის [მოსახლეობაში] მოთხოვნა არის, იმიტომ, რომ ეს მათ სჭირდებათ. ვლადიკაკვაზში ყველაფერი ძვირია, თან შორია. მე ვიცი, რომ როდესაც 2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ცხინვალში იყო მოლოდნი, რომ საზღვარს გახსნიან და საქართველოდან საქონელს შემოვიტანთო. მე ეს ინფორმაცია ცხინვალიდან მაქვს იქაური გამყიდველებისგან, მაგრამ ახლა ცხინვალის ხელმძღვანელობა რამდენად დაუშვებს ერგნეთის ამბავს,  ძნელი სათქმელია. დღეს წინააღმდეგი იქნება, ხოლო რა მოხდება ხვალ და ზეგ, ამას დრო გვაჩვენებს. დღეს იმ ადამიანებზეც კი ახორციელებენ ზეწოლას, ვინც აქეთ სამკურნალოდ გადმოდის. მთავარია, იყოს პოლიტიკური ნება, თუ ასეთი რამ იქნება, მერე ყველაფერი მიღწევადია, ხალხი თვითონ აითვისებს და გააკეთებს ყველაფერს”, – აცხადებს ბენდიანიშვილი.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ერგნეთის ბაზრობის იდეა უნდა შენარჩუნდეს, თუმცა ბაზრობა იქ უნდა გაიხსნას, სადაც მეტად ეფექტური იქნება. 

 

“ერგნეთის ბაზრობა თავის დროზე შეიქმნა იმ დროს არსებული კონკრეტული კონტექსტიდან გამომდინარე. ერგნეთის ბაზრობის იდეა უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ სად გაიხსნება, რა ფორმით, როგორ, ეს უკვე არის ექსპერტების სამუშაო, რომ ეფექტური იყოს ამ ტიპის ბაზრობის არსებობა და არ იყოს მხოლოდ სახელის გამო. შეიძლება სხვაგან გაიხსნას, მაგრამ უნდა გაიხსნას იქ, სადაც მას მეტი ეფექტი ექნება”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა დღეს, 14 ივლისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობასთან სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებაზე საუბარია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების ტექსტში, სადაც წერია, რომ კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებში, ხალხთა შორის კონტაქტების, ნდობის აღდგენისა და შერიგების ძალისხმევის გაძლიერების მიზნით ზომები უნდა გატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი