ნეტგაზეთი | ჭიკაიძე ჭიდაობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტია, მისი ყოფილი დაცვის უფროსი კი, პრეზიდენტი ჭიკაიძე ჭიდაობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტია, მისი ყოფილი დაცვის უფროსი კი, პრეზიდენტი – Netgazeti
RU | GE  

ჭიკაიძე ჭიდაობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტია, მისი ყოფილი დაცვის უფროსი კი, პრეზიდენტი

გასული წლის დეკემბრის დასაწყისში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცეპრეზიდენტად შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაინიშნა, თუმცა ფედერაციის ვებ-გვერდზე ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის აღნიშნული. ერთი წელია ამავე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს თამაზ (გეგა) გეგეშიძე იკავებს, რომელიც ალექსანდრე ჭიკაიძის მინისტრობის დროს მისი დაცვის უფროსი იყო.

ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი, დათო გრძელიშვილი ამბობს, რომ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია განახლებას საჭიროებს. კითხვაზე, თუ როგორ ირჩევენ ჭიდაობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტებს და თანამდებობის პირებს, გრძელიშვილი გვპასუხობს:

“ჩვეულებრივ, მოჭიდავეები და ფედერაცია ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას. ვაყენებთ [კანდიდატურებს] და ინიშნება ეს ხალხი. პირადი გადაწყვეტილებებით, რომ მე მინდა ან თქვენ გინდათ, ეს ასე არ არის. აქ მთლიანად ქართული ჭიდაობის სამყაროს გადაწყვეტილებები მიიღება.”

როგორც დათო გრძელიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში  ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე ალექსანდრე ჭიკაიძესთან ერთად ვიცეპრეზიდენტებად დაინიშნენ- ედიშერ მაჩაიძე, თეიმურაზ ყაზარაშვილი, დიტო გელაშვილი და ბაკურ გოგიტიძე.

“მათ არც ხელფასი ერიცხებათ და არც პრემიალური თანხა – არც სამინისტროდან, არც ფედერაციიდან და არსაიდან. ისინი არიან ამ თანამდებობაზე უსასყიდლოდ და ყოველგვარი ანგარების გარეშე. უბრალოდ, მათ უყვართ ჭიდაობა, ძველი მოჭიდავეები და ძველი სპორტსმენები არიან. რომ უყვართ ჭიდაობა, იმიტომ არიან ამ საქმეში ჩართული,” – განუცხადა ნეტგაზეთს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა.

ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად 2013 წლის 20 ნოემბერს დაინიშნა, ხოლო თანამდებობიდან 2015 წლის 23 იანვარს გადადგა. 2015 წლიდან ყოფილი შს მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა 2017 წლის ნოემბერში სამთავრობო ცვლილბების შედეგად კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდა, ხოლო ალექსანდრე ჭიკაიძე სამსახურის გარეშე დარჩა. შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო.

ალექსანდრე ჭიკაიძე განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთად სტუმრობს მე-14 საჯარო სკოლას, სადაც თვითონ სწავლობდა. ფოტოზე მარცხვნივ ჩანს თამაზ (გეგა) გეგეშიძე, რომელიც იმ დროინდელი შს მინისტრის დაცვის უფროსი იყო. 26.03.2014. ფოტო: განათლების სამინისტრო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.