ახალი ამბები

ჯვრის მონასტრის წინამძღვრის პირველი კომენტარი ტაძრის დაკეტვაზე

16 იანვარი, 2019 • 3182
ჯვრის მონასტრის წინამძღვრის პირველი კომენტარი ტაძრის დაკეტვაზე

ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, კონსტანტინე ჭინჭარაული ტაძრის დაკეტვისა და შემდგომ გახსნის ფაქტს ეხმაურება. როგორც ის განმარტავს, გადაწყვეტილების მიღებისას პირადი ინტერესი არ ჰქონია.

“21 წელი აქ ვარ, ეგ რომ მდომოდა, რა, ვერ გავაკეთებდი?! გავაკეთებდი 10-ჯერ უკეთეს შენობა-ნაგებობას, მაგის ინტერესი რომ მქონდეს. მოხდა გადაწყვეტილების მიღება, მორჩილებს მე ვუთხარი, თუ რაიმე იქნება, თქვენ უპასუხებთ – დაკეტილია ტაძარი. მიზეზი ამ ტაძრის დაკეტვისა იცის მცხეთის მერმა. რატომ მიგვიყვანეს ამ ზომამდე?! მიღებული ფორმით ვთხოვდით 2 წელი, რომ ეს გაეკეთებინათ,” – ამბობს კონსტანტინე ჭინჭარაული ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მიცემული ინტერვიუს დროს.

მისივე თქმით, მცხეთის მერია საკითხის მიმართ უმოქმედობას უკვე რამდენიმე წელია იჩენს. ჭინჭარაული ასევე დასძენს, რომ საუბარი ყოფილ პრემიერთან, გიორგი კვირიკაშვილთანაც ჰქონდა, რომელმაც გარემოვაჭრეების საკითხის მოწესრიგება ინფრასტურქტურის იმდროინდელ მინისტრს, ზურაბ ალავიძეს დაავალა.

“კვირიკაშვილთან საუბარი მქონდა, ინფრასტურქუტის მინისტრს, ალავიძეს დაურეკა მაშინ, უთხრა, რომ ეს პრობლემა არსებობს და მას [მინისტრს] ეხებოდა და რაღაც უნდა ვიღონოთ, უნდა გავაკეთოთო, რომ ეს მოწესრიგდესო, მაგრამ ვერაფერი მოწესრიგდა”, – ამბობს ტაძრის წინამძღვარი.

ჟურნალისტის კითხვას, აცნობა თუ არა საპატრიარქოსა და ილია მეორეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, კონსტანტინე ჭინჭარაული პასუხსობს, რომ ტაძრის დაკეტვა მას წინასწარ არ შეუთანხმებია.

“არის, როდესაც იღებ კურთხევას ადამიანი რაიმეზე, არის, როდესაც შემდეგ უნდა მოახსენო მის უწმინდესობას [ილია მეორეს], თუ რატომ გადადგი ეს ნაბიჯი. უწმინდესს მოვახსენე შემდგომში. ჯერ არ მინახავს. გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ, საპატრიარქომ შემდეგ გაიგო”, – აცხადებს იღუმენი.

კითხვას, როგორ იმოქმედებს იგი, თუ ტაძრის გარეთ გარევაჭრობა არსებულ ფორმებში გაგრძელდება, ასე პასუხობს:

“არ უნდა განმეორდეს [გარევაჭრობა], კანონი უნდა შეასრულონ. კანონით არის აკრძალული”, – ამბობს ის.

ჯვრის მონასტერი 2 დღის წინ მონასტრის წინამძღვრის გადაწყვეტილებით დაიხურა. ამის მიზეზად საპატრიარქოში მონასტრის სიახლოვეს არსებული მოუწესრიგებელი გარევაჭრობის პრობლემა დაასახელეს. ტაძარი დღეს, რამდენიმე საათის წინ გაიხსნა.

ამავე თემაზე:

“ესაა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, სად წავიდეთ?” – რას ამბობენ ჯვრის მონასტრის გარემოვაჭრეები

მასალების გადაბეჭდვის წესი