ახალი ამბები

ჯვრის მონასტრის გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მისცეს

22 იანვარი, 2019 •
ჯვრის მონასტრის გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მისცეს

ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეებს ადგილის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მიეცათ. ამის შესახებ დღეს, 22 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ჯვრის მონასტრის წინამძღვარის, კონსტანტინე ჭინჭარაულის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც ირკვევა, შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა, ვინაიდან, ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, კონსტანტინე ჭინჭარაული, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეთა საქმიანობის წინააღმდეგი რჩება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის ჟურნალისტებთან თავის პოზიციას აფიქსირებს. რამდენიმე დღის წინ, ტაძრის დაკეტვის და შემდგომ გახსნის შემდეგ,ჭინჭარაულმა განაცხადა, რომ გარემოვაჭრეობა ჯვრის ტაძრის მახლობლად “აღარ უნდა განმეორდეს”.

“ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, არ უნდა ხდებოდეს გარევაჭრობა იმ ფორმით და იმ სახით, როგორიც ხდებოდა ჩვენი მონასტრის წინ. მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის ერთობლივი ფონდი აპირებს, რომ იქ გაკეთდეს დიდი პროექტი, უნდა მოწესრიგდეს ტაძრის შიდა ეზო, ინფრასტრუქტურა, რკინების საკითხი. ამ პროექტს იწყებენ სულ მალე და ამიტომ მაინც მოხდებოდა მათი გაყვანა,“ – უთხრა დღეს, 22 იანვარს რუსთავი 2-ს კონსტანტინე ჭინჭარაულმა

რაც შეეხება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი კაპანაძეს, მისი თქმით, ვინაიდან ჯვრის მონასტრის ტერიტორია მუნიციპალიტეტს (ცენტრალური ხელისუფლების ბალანსზეა) არ ეკუთვნის, მას უფლება არ აქვს გარემოვაჭრეობაზე ნებართვა გასცეს.

„მათ მიეცათ სამდღიანი ვადა. მაგრამ მე მინდა მოგახსენოთ ისიც, რომ ეს ჩვენგან აკრძალვა, როგორც ასეთი, არ არის, უბრალოდ, ტერიტორია, რომელზეც დღეს გარევაჭრობა მიმდინარეობს, არ ეკუთვნის მცხეთის მუნიციპალიტეტს. აქედან გამომდინარე, მცხეთის მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიაზე ვაჭრობის ნებართვას ვერ გასცემს. რადგან მე ნებართვას ვერ გავცემ, ამიტომ არის ის აკრძალვა,“ – განაცხადა გიორგი კაპანაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

გარემოვაჭრეები ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში აცხადებენ, რომ ტერიტორიის დატოვების შესახებ მათ მერიის ზედამხედველობისგან გაიგეს. გარდა ამისა, მათ ტელეკომპანიას უთხრეს, რომ ისინი საპატრიარქოსგან ჯვრის მონასტრის წინამძღვრის, კონსტანტინე ჭინჭარაულის “საეკლესიო კანონით დასჯას” მოითხოვენ, ვინაიდან მან მონასტრის დაკეტვის გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო.

ამავე თემაზე:

“ესაა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, სად წავიდეთ?” – რას ამბობენ ჯვრის მონასტრის გარემოვაჭრეები

მასალების გადაბეჭდვის წესი