ახალი ამბები

ჯვრის მონასტერთან შექმნილი ვითარება ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება – მინისტრი ბატიაშვილი

16 იანვარი, 2019 • 1195
ჯვრის მონასტერთან შექმნილი ვითარება ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება – მინისტრი ბატიაშვილი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი იზიარებს სასულიერო პირების მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ გარემოვაჭრეების არსებული ფორმით ყოფნა ჯვრის მონასტერთან “ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება”.

“ამ დროისათვის პრობლემა გადაჭრილია – ჯვრის მონასტრის ჭიშკარი გახსნილია, თუმცა ისიც ცხადია, რომ მონასტერთან შექმნილი ვითარება ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება. სწორედ ამიტომ, ჩვენი უწყების ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უკვე მუშაობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტის ჩამოყალიბებაზე, რომლის განხორციელების შემდეგაც არსებული ვითარება მოწესრიგდება”, – თქვა მინისტრმა ბატიაშვილმა. მისი კომენტარი უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

ჯვრის მონასტერი რამდენიმე დღის წინ მონასტრის წინამძღვრის გადაწყვეტილებით დაიხურა. ამის მიზეზად საპატრიარქოში მონასტრის სიახლოვეს არსებული მოუწესრიგებელი გარევაჭრობის პრობლემა დაასახელეს.

ამასთან დაკავშირებით, 15 იანვარს, საპატრიარქომ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავდა:

“ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას, უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი”.

გადაწყვეტილება მცხეთის მერმა, გიორგი კაპანაძემ გააკრიტიკა. “რუსთავი2”-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ “ჯვრის მონასტრის დაკეტვა მისთვის მიუღებელია და ამას არანაირი მიზეზი არ ჰქონდა”.

საბოლოოდ, ჯვრის მონასტერი 16 იანვარს გაიხსნა. მცხეთის მერიაში თქვეს, რომ მონასტრის ტერიტორიაზე გარევაჭრობა მოწესრიგდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი