ახალი ამბები

ჯვრის მონასტერი გაიხსნა

16 იანვარი, 2019 •
ჯვრის მონასტერი გაიხსნა

მცხეთაში მდებარე ჯვრის მონასტერი გაიხსნა. ინფორმაცია ნეტგაზეთს მცხეთის მერიასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში დაუდასტურეს.

მცხეთის მერიაში აცხადებენ, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, გარევაჭრობა მონასტრის მიმდებარედ “ცივილურ ფორმებს მიიღებს”. უწყებაში დეტალებს ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

ჯვრის მონასტერი 2 დღის წინ მონასტრის წინამძღვრის გადაწყვეტილებით დაიხურა. ამის მიზეზად საპატრიარქოში მონასტრის სიახლოვეს არსებული მოუწესრიგებელი გარევაჭრობის პრობლემა დაასახელეს.

ამასთან დაკავშირებით, გუშინ, 15 იანვარს, საპატრიარქომ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც უწყება აღნიშნავდა:

“ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას, უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი”.

გადაწყვეტილება მცხეთის მერმა, გიორგი კაპანაძემ გააკრიტიკა. “რუსთავი2”-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ “ჯვრის მონასტრის დაკეტვა მისთვის მიუღებელია და ამას არანაირი მიზეზი არ ჰქონდა”.

“ესაა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, სად წავიდეთ?” – რას ამბობენ ჯვრის მონასტრის გარემოვაჭრეები

მასალების გადაბეჭდვის წესი