თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილის ჩაცხრილვას წინ უძღოდა დაპირისპირება, რა დროსაც ორი პირი დაიჭრა. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ კაცს ცივი იარაღით აქვს მიყენებული რამდენიმე ჭრილობა, ხოლო მეორეს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა კისრის არეში.
ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც რუსთავი 2-ს ექიმმა განუცხადა, სავარაუდოდ, იარაღით მიყენებული ჭრილობა სიცოცხლისთვის საზიანო არ არის და დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ცივი იარაღით დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და რჩება ექიმების ზედამხედველობის ქვეშ. ექიმის თქმით, დაშავებულს, სავარაუდოდ, ხვალ, ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ დაკითხავენ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.