გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დაწევა საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიას — კოალიცია

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ეხმაურება თანამდებობის პირების მიერ 2019 წლის დასაწყისში გაკეთებულ განცხადებებს ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და გამოხატვის თავისუფლების არსებული სტანდარტის გაუარესებისკენ ინიცირებულ ნებისმიერ ცვლილებას უარყოფითად აფასებს.

მსგავსი განცხადებები გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძემ; საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც უზრუნველყოფს და სიტყვის თავისუფლებასაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე.

კოალიციის თანახმად, მოქმედი კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ უკვე მრავალი წელია ითვალისწინებს სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას როგორც კერძო, ისე საჯარო პირის ცილისწამებისთვის. შესაბამისად, პატივისა და ღირსების შელახვის გამო ნებისმიერ პირს დღესაც შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს შელახული უფლებების სასამართლო წესით დაცვა.

“ვფიქრობთ, საზოგადოებამ უნდა მიიღოს მკაფიო განმარტებები იმის შესახებ, თუ რა იგულისხმებოდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებში”, – წერს კოალიცია.

“ჩვენი საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას”, – აცხადებენ კოალიციის წევრები.


კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის 2011 წლის აპრილში შეიქმნა. კოალიციის მიზანია ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მედიამფლობელებისა და ჟურნალისტთა ინტერესების დაცვა. მისი წევრები არიან:

  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი;
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი;
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოებისათვის“;
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია;
  • რეგიონული მაუწყებლების ქსელი;
  • ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია;
  • მედიაკლუბი;
  • ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო“
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ცილისწამების დეკრიმინალიზების ისტორია საქართველოში

ცილისწამების დეკრიმინალიზება საქართველოში 2004 წელს მოხდა, მას შემდეგ, რაც “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” ახალი კანონი მიიღეს. 2004 წლამდე არსებული კანონით ცილისწამება ისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ორას საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე.

დემოკრატიულ სახელმწიფოებში ცილისწამების დეკრიმინალიზება სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ 2007 წელს ცილისწამების კრიმინალიზებასთან დაკავშირებით მიიღო რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია, რომ დაუშვებელია ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ცილისწამების ბრალდებით და მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმიანობა ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს, ცილისწამების კრიმინალიზება მათ თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. რეზოლუციის თანახმად, გადადების გარეშე უნდა გაუქმდეს ისეთი კანონების მოქმედება, რომელიც ცილისწამებისთვის სასჯელად პატიმრობას ითვალისწინებს, რადგან ეს იწვევს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. 

ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთხელ განაცხადა, რომ პრესა ასრულებს მნიშვნელოვან როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მისი მოვალეობაა საკუთარ პასუხისმგებლობებთან შეთავსებით გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ყველა საკითხის შესახებ. ჟურნალისტური თავისუფლება ასევე ფარავს გაზვიადებას, ან თუნდაც პროვოკაციას. 

ცილისწამების დეკრიმინალიზება არ ნიშნავს, რომ ასეთი ქმედება შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს. საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერ პირს შეუძლია სამოქალაქო წესით იჩივლოს ცილისწამებისთვის და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუმცა მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში თავად მომჩივანზეა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com