ახალი ამბები

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი უკრაინას ავტოკეფალიის მიღებას ულოცავს

7 იანვარი, 2019 • 2416
ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი უკრაინას ავტოკეფალიის მიღებას ულოცავს

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის თბილელი მიტროპოლიტი, მალხაზ სონღულაშვილი უკრაინის ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს ეკლესიის ავტოკეფალიის მიღებას ულოცავს. მისალოცი წერილი დღეს, 7 იანვარს გამოქვეყნდა.

გთავაზობთ მისალოც წერილს:

“ჩემი და ჩემი ეკლესიის სახელით სულიათა და გულით გილოცავთ უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას, რომელიც დღეს ტომუსის მიღებით დაგვირგვინდა ფანარზე, წმიდა გიორგის ტაძარში. თქვენთან ერთად ვულოცავ ამ გამარჯვებას, არა მარტო უკრაინელ მართლმადიდებლებს, არამედ ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია უკრაინის აწმყო და მომავალი.

ყველასათვის აშკარაა, რომ თქვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა სრულებით ახალ რელიგიურ რეალობას ქმნის არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელ ევროპაში და მის მიღმა. გვიხარია, რომ უკრაინელი ხალხის ოცნება ახდა.

როგორც თქვენ ტომუსის მიღებისასაც ახსენეთ, წინამორბედების დავიწყება არ შეიძლება. არ შეიძლება ვინმემ დაივიწყოს პატრიარქ ფილარეტის დაუღალავი და შეუპოვარი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის. მის ღვაწლს არც უკრაინელი ხალხი დაივიწყებს და არც ქრისტიანობა. როგორც მოსემ უწინამძღოლა ისრაელიანებს ორომოცი წელი, მაგრამ აღთქმულ მიწაზე თავად არ შევიდა. ასევე განზე გადგა მისი უწმიდესობა და გზა მისცა უკრაინის დამოუკიდებლობას.

მინდა თქვენ გისურვოთ მხნეობა, ჯანრთელობა და გამძლეობა იმ მოვალეობის შესრულებაში, რომელიც თქვენ უფალმა დაგაკისრათ. იმედი მაქვს მალე გინახულებთ. ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენბთ თქვენს სტუმრობას ჩემთან ოქსფორდში. გთხოვთ ყოველთვის იქონიოთ ჩემი და ჩემი მეგობრების თანადგომის იმედი.

პატივისცემით და ძმური სიყვარულით,

+მალხაზ

მალხაზ სონღულაშვილი
თბილელი მიტროპოლიტი

ტალინი, ესტონეთი

7 იანვარი, 2019.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი 5 იანვარს მოაწერა. ცერემონია დღევანდელის მსგავსად, სტამბოლის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში შედგა. ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა.

მანამდე, 4 იანვარს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს მოუწოდა, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირონ.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი პოზიცია ამ დრომდე უცნობია. სინოდის უკანასკნელი განჩინებით, რომელიც 27 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი