საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელა. შესაბამისი ჯილდო ფეხბურთელს დაჯილდოების ცერემონიაზე ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადასცა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ახლად დაფუძნებული ტურნირის – ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა. შესაბამისი მატჩი 6 სექტემბერს საქართველოსა და ყაზახეთს შორის შედგა და საქართველოს გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

მედიაში არაერთგზის გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესებული იყვნენ დიდი საფეხბურთო კლუბები, მათ შორის “ტოტენჰემი” და “ბარსელონა” .

ფეხბურთელის დახასიათებისას, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა, აღნიშნა, რომ ჩაკვეტაძე “შესანიშნავი მოთამაშე” და “ნამდვილი ტალანტია”, ამის დამტკიცება კი მას დიდ და ძლიერ კლუბებთან მოუწევს.