ახალი ამბები

ჩაკვეტაძის კარიერაში უხეშად ნუ ჩავერევით – ვაისი

20 ნოემბერი, 2018 • 1881
ჩაკვეტაძის კარიერაში უხეშად ნუ ჩავერევით – ვაისი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა საქართველო-ყაზახეთის მატჩის შემდეგ ფეხბურთელ გიორგი ჩაკვეტაძის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

“ნეტგაზეთმა” ვაისს ჰკითხა, ფლობს თუ არა რაიმე ინფორმაციას ჩაკვეტაძის მიმართ “ბარსელონის” ინტერესების  შესახებ და რა რჩევებს მისცემდა მასთან დაკავშირებით კატალონიურ კლუბს.

მწვრთნელს დეტალებზე არ უსაუბრია და აღნიშნა, რომ აჯობებს, ფეხბურთელის კარიერაში უხეშად არავინ ჩაერიოს. მისი თქმით, გიორგი ჩაკვეტაძე “შესანიშნავი მოთამაშეა”, თუმცა უფრო დიდ და ძლიერ კლუბებთან შეხვედრებისას ამის დამტკიცება მოუწევს.

“მოდით, უხეშად ნუ ჩავერევით ჩაკვეტაძის კარიერაში. ის შესანიშნავი მოთამაშეა, ნამდვილი ტალანტია 19 წლის ასაკში. მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა ანდორისა და ყაზახეთის დონეზე. როდესაც მის წინაშე დადგებიან უფრო ძლიერი გუნდები და ფეხბურთელები,  მათ ეს უნდა დაუმტკიცოს. მინდა, ვუსურვო წინსვლა და განვითარება, თამაშის გაუმჯობესება. მოდით, ცოტა უფრო ფრთხილად მოვეკიდოთ მას”, – აღნიშნა მან.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კატალონიის “ბარსელონა” ქართველი ფეხბურთელით, გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესდა, კატალონიურმა სპორტული გამოცემამ “სპორტი” 14 ნოემბერს გაავრცელა.

 

გიორგი ჩაკვეტაძით ბარსელონა დაინტერესდა – კატალონიური “სპორტი”

მასალების გადაბეჭდვის წესი