ახალი ამბები

“ქალთა მოძრაობა” ზურაბიშვილს გაბუნიას მოხსნას სთხოვს – აქცია ათონელის რეზიდენციასთან

22 დეკემბერი, 2018 • 2413
“ქალთა მოძრაობა” ზურაბიშვილს გაბუნიას მოხსნას სთხოვს – აქცია ათონელის რეზიდენციასთან

“ქალთა მოძრაობამ” სალომე ზურაბიშვილს დიმიტრი გაბუნიას საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან მოხსნა კიდევ ერთხელ, საპროტესტო აქცია-პერფორმანსით მოსთხოვა. ფემინისტური ორგანიზაციის წევრები და მისი მხარდამჭერები ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციასთან დღეს, 22 დეკემბერს შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ზვიად დევდარიანის ადვოკატობისას გაბუნიას განცხადებები სექსუალური შევიწროების ბრალდებებზე, აღნიშნული პრობლემის ნორმალიზების ტოლფასი იყო.

აქციის მონაწილეები რეზიდენციასთან მივიდნენ გულსამაგრებით, რომლებზეც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიის სახელწოდება – “#მეც” – იყო დატანილი. სანამ დაიშლებოდნენ, მოძრაობის წარმომადგენლებმა რეზიდენციის მესერზე დატოვეს ბანერი, წარწერით “გადმოდი ქალების მხარეს!”

“დიმიტრი გაბუნია არის ადამიანი, რომელმაც სექსუალური შევიწროების მიმართ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და ფაქტობრივად, ნორმალიზება გაუკეთა პრობლემას, რომელსაც ქალები თვეებია, ვაპროტესტებთ. ასეთი ადამიანი აღმოჩნდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ჩვენ ვითხოვთ, [ზურაბიშვილმა] მოხსნას დიმიტრი გაბუნია თანამდებობიდან, იმიტომ, რომ Me Too-ს ერაში, ეს ადამიანი არ უნდა ინიშნებოდეს ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე”, – განაცხადა მოძრაობის წევრმა იდა ბახტურიძემ მედიასთან საუბრისას.

"გადმოდი ქალების მხარეს!" - ბანერი ათონელის რეზიდენციის მესერზე.

“ხვალ და ზეგ ვართ ჩვენ დაზღვეული მსგავსი ტიპის შანტაჟისგან? აქ უცებ წარმოიშვება შეკითხვა, მაშინ ეფიქრა ზვიად დევდარიანს ….რას აკეთებდა რომ?! ისეთს, რასაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს. მიმოწერაზეა საუბარი, თუ ავკრძალოთ ქვეყანაში პირადი კომუნიკაცია. სად გადის ზღვარი დანაშაულსა და კერძო, პრივატულ კომუნიკაციას შორის? ესაა დასადგენი და არა ის, ზვიად დევდარიანი გამართლდება თუ გამტყუნდება, ზოგადად” – დიმიტრი გაბუნია ამ ფრაზით გამოეხმაურა სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ზვიად დევდარიანის საქმეს. ის მაშინ დევდარიანის ინტერესებს იცავდა.

გაბუნიას კრიტიკას 10 დეკემბერს გამოეხმაურა “ადვოკატთა ასოციაცია”, მოგვიანებით კი, უშუალოდ დიმიტრი გაბუნიაც. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიუღებელია კლიენტის გაიგივება ადვოკატთან. აღნიშნულს ეთანხმება კრიტიკის ობიექტიც, რომელიც “ქალთა მოძრაობის” განცხადებებს “არასერიოზულსა და არაკომპეტენტურს” უწოდებს.

დღევანდელ აქციაზე იდა ბახტურიძემ აღნიშნა, რომ მოძრაობა არ ეხება გაბუნიას საადვოკატო საქმიანობას და ქალთა უფლებადამცველებს პრობლემა მისი პირადი პოზიციების მიმართ აქვთ.

პრეზიდენტისგან ასევე ვითხოვთ, შეხვდეს ქალებს – ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა და გვჭირდება პრეზიდენტისაგან მხარდაჭერა, მასთან ერთად ამ პრობლემებზე მუშაობა.

“ჩვენ ადვოკატის საქმიანობას არ ვაყენებთ ეჭვქვეშ. ადვოკატს შეუძლია, დაიცვას ყველა. ჩვენ გვაქვს პრობლემა მის ღირებულებებთან და საჯარო პოზიციებთან. ის არის საჯარო პირი ახლა და მისი ყველა საჯარო განცხადება გვაძლევს მისი შეფასების შესაძლებლობას”, – განაცხადა მან.

შეკრებაზე ფემინისტური ორგანიზაციის წევრებმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა და მასთან ქალთა პრობლემებზე საუბრის შესაძლებლობაც მოითხოვეს.


ზვიად დევდარიანი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ხელმძღვანელობდა, 2018 წლის გაზაფხულზე ქალების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. გაბუნია დევდარიანის ადვოკატი იყო.

რამდენიმე ქალთან, რომლებმაც ზვიად დევდარიანის მხრიდან შევიწროებაზე კონფიდენციალურად ისაუბრეს, “ნეტგაზეთმაც” ჩაწერა ინტერვიუ. კიდევ რამდენიმე ისტორია გამოაქვეყნა “ქალთა მოძრაობამ” და “ტაბულამ”. დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს.

“ქალთა მოძრაობის” ცნობით, დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა სამ საქმეზე დაადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი