ახალი ამბები

მიუღებელია ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას გაიგივება კლიენტთან – ადვოკატთა ასოციაცია

10 დეკემბერი, 2018 • 2757
მიუღებელია ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას გაიგივება კლიენტთან – ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის მიუღებელია ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას გაიგივება მის კლიენტთან. ამის შესახებ საუბარია ასოციაციის 10 დეკემბრის განცხადებაში, რომელიც “ქალთა მოძრაობის” განცხადების საპასუხოდ გავრცელდა. “ქალთა მოძრაობამ” რამდენიმე დღის წინ მოუწოდა არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გადახედოს საპარლამენტო მდივნად სექსუალურ შევიწროებაში რამდენიმე ქალის მიერ დადანაშაულებული ზვიად დევდარიანის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურას.

ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ განუხრელად ემხრობა ქალთა და გოგონათა უფლებრივი თანასწორობის იდეას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკუთარი წვლილი შეაქვს აღნიშნული იდეის პრაქტიკულ განხორციელებაში.

“ამასთან, ადვოკატის მიმართ მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ადვოკატის სპეციფიკური როლი მართლმსაჯულების განხორციელებაში. კერძოდ, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, “დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით…ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება გარანტირებულია კანონით.” ამასთან, “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, დაცვის უფლების განხორციელებისას ადვოკატი ვალდებულია დაიცვას კლიენტის უფლებები და ინტერესები და ამ პროცესში გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც აკრძალული არ არის კანონმდებლობით ან პროფესიული ეთიკის ნორმებით.

ხაზგასასმელია, რომ კლიენტის ინტერესების დაცვის პროცესში ადვოკატის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დაცვის ისეთი სტრატეგია, რომელიც შესაძლოა არ გამოხატავდეს ადვოკატის პირად მოსაზრებებსა თუ შეხედულებებს და მიმართული იყოს მხოლოდ დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისკენ”, – აცხადებს ადვოკატთა ასოციაცია.

ასოციაციის თქმით, იგივე პრინციპები განმტკიცებულია იურიდიული პროფესიის მარეგულირებელ საერთაშორისო მექანიზმებშიც. კერძოდ, ადვოკატის როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების 18-ე მუხლის თანახმად: „ადვოკატები, თავიანთი ფუნქციების შესრულების გამო, არ უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული მათ კლიენტებთან ან მათი კლიენტების ქმედებასთან“.

“ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები წარმოადგენს ადვოკატის კლიენტთან გაიგივების ფაქტს, ეწინააღმდეგება ადვოკატის საქმიანობის მარეგულირებელ ეროვნულ და საერთაშორისო ინსტრუმენტებს და მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებისათვის. ამასთან, ადვოკატ გაბუნიას მიმართ გაკეთებული ნეგატიური განცხადებები ეწინააღმდეგება სასამართლო სიტყვის თავისუფლების აღიარებულ პრინციპს.

აქვე გვსურს, ყველას მოვუწოდოთ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ადვოკატის როლის და ფუნქციის სწორად გააზრებისკენ და ისეთი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ, რომელიც ზიანს მიაყენებს საადვოკატო საქმიანობის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და, შესაბამისად, დააზიანებს მართლმსაჯულების ხარისხიანად განხორციელების პროცესს”, – აცხადებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

გაიგეთ მეტი:

“ქალთა მოძრაობა” ზურაბიშვილს მოუწოდებს, გადახედოს გაბუნიას დანიშვნას საპარლამენტო მდივნად

მასალების გადაბეჭდვის წესი