ახალი ამბებისამართალი

ზოგჯერ პიროვნების იდენტიფიცირება არაა მარტივი – გახარია უგულავას მოთხოვნაზე

21 დეკემბერი, 2018 • 1712
ზოგჯერ პიროვნების იდენტიფიცირება არაა მარტივი – გახარია უგულავას მოთხოვნაზე

ეს პიროვნება რომ იქნება დაკავებული, ამასაც დიდი სიამოვნებით შეგატყობინებთ. ზოგჯერ პიროვნების იდენტიფიცირება არ არის მარტივი, – ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი “ევროპული საქართველოს” ლიდერების მოთხოვნას, რომ უმრავლესობის დეპუტატის ავტომობილის დამზიანებელი პირი კანონმდებლობის შესაბამისად დაისაჯოს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებმა გიორგი გახარიას სურათები გადასცეს, სადაც, მათი თქმით, ჩანს, რომ დეპუტატ ხულორდავას ავტომობილს თელავში აზიანებს პროვოკატორი, რომელიც 2 დეკემბერს პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაუპირისპირდა ოპოზიციის მხარდამჭერებს.

სერგი რატიანმა შს მინისტრს უთხრა, რომ “ევროპულმა საქართველომ” შსს-ს აღნიშნული პირის ინდენტიფიცირება დაასწრო, რაზეც გიორგი გახარიამ უპასუხა:

კი ვერ დამასწარით, თქვენ დროს, უბრალოდ, ასე მოკიდებდნენ [და დაიჭერდნენ]. ჩვენ პიროვნების იდენტიფიცირებას იურიდიულ პროცედურას ვეძახით, რაც თქვენ არ გაინტერესებდათ. ამიტომ თქვენ რა დამასწარით, იცით? წახვედით ტელევიზორში, რაღაც ნახეთ, ამოიღეთ ეს სურათები და მომიტანეთ. რომ ვერ დამასწარით, სწორედ ამაზე მეტყველებთ იმიტომ, რომ იმასაც ვერ მიხვდით, სუს-ის აგენტი იყო თუ არ იყო, თუ ვინ იყო… დღეს ერთი ბრიფინგი მოაწყეთ მაგაზე, მერე აქ სურათები მომიტანეთ და ცირკი მოაწყეთ. ამ პირს რომ დააკავებენ, თქვენ წაგიყვანთ, შეგახვედრებთ და დაკითხეთ, ვისი აგენტი იყო. ეს ცირკია!”

დღეს, 21 დეკემბერს, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა, გიგი უგულავავამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პირი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს თელავში დეპუტატ სოფო ქაცარავას ავტომობილი დააზიანა, პროვოკატორია. მისივე თქმით, აღნიშნიული პირი 2 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე პროვოკაციას აწყობდა.

უგულავას მიერ დასახელებული დღემდე არაიდენტიფიცირებული პირი ნეტგაზეთის რეპორტიორმაც გადაიღო 2 დეკემბერს, პარლამენტთან, ოპოზიციის აქციაზე მომხდარი ინციდენტისას. ის აქციაზე პროდასავლურ კურსს აკრიტიკებდა და იქ მყოფებს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისკენ მოუწოდებდა. ამ ინციდენტისას უცნობი კაცი გინებითა და პროვოკატორის ძახილით გაიყვანეს რუსთაველის გამზირიდან.

გიგი უგულავას განცხადებით, მმართველი პარტია თელავის ინციდენტს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იყენებს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის. მისივე თქმით, გიორგი გახარიამ უნდა განმარტოს, ერთი და იგივე დანაშაულისთვის რატომ ისჯება ერთი და რატომ არ ისჯება მეორე.

თელავში დეპუტატ ქაცარავას ავტომობილის დაზიანების ფაქტი რუსთავი 2-მა პირდაპირ ეთერში გააშუქა, რომელიც შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატებმა, წევრებმა და პროსახელისუფლებო ფეისბუკ-გვერდებმა ქართული და ინგლისური აღწერებით გაავრცელეს.

ვრცლად:

ის პირი, ვინც დეპუტატ ქაცარავას ავტომობილი დაუზიანა, პროვოკატორია – უგულავა

მასალების გადაბეჭდვის წესი