ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი საქართველოს EU-სთან ასოცირების გამო რუსეთთან პარტნიორობას გააღრმავებს

1 ივლისი, 2014 • • 1031
სოხუმი საქართველოს EU-სთან ასოცირების გამო რუსეთთან პარტნიორობას გააღრმავებს

“27 ივნისს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით აუცილებლად მიგვიაჩნია განვაცხადოთ შემდეგი: 

 

საქართველოს “ევროპული არჩევანი” – ეს, უპირველეს ყოვლისა, ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა და არჩევანია. აფხაზეთის რესპუბლიკას, როგორც მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოს, საქართველო-ევროპულ დღის წესრიგთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

 

სრულიად ნათელია, რომ ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს ამ საერთაშორისო კავშირში გაწევრიანების ახლო პერსპექტივას არ წარმოადგენს, მაგრამ ამავე დროს მეზობელ სახელმწიფოებთან, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციასთან და აფხაზეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობისგან აშორებს.

 

იმის მიუხედავად, რომ თბილისისა და ბრიუსელის პარტნიორობის გაღრმავება არსებით და უშუალო ზეგავლენას არ მოახდენს აფხაზეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე, კავკასიაში დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესების გაძლიერებამ და აფხაზეთის, როგორც რუსეთის მოკავშირის სტრატეგიულმა მდებარეობამ რეგიონში, დასავლური გავლენის საზღვარზე, შესაძლოა მოითხოვოს აფხაზეთის მხრიდან დამატებითი ძალისხმევა რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად. 

 

კავკასიის რეგიონში დასავლეთის პოლიტიკის [NATO -ს ექსპანსია] გააქტიურებასთან დაკავშირებით, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიზნით, გამორიცხული არაა, რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობის აუცილებლობა გაჩნდეს.

 

აფხაზეთის რესპუბლიკა, როგორც რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტი, კავკასიაში დაძაბულობის განმუხტვისათვის გააგრძელებს კონსტრუქციულ და მშვიდობიან პოლიტიკას რუსეთის ფედერაციასთან და სხვა მოკავშირეებთან მჭიდრო ურთიერთობის გზით,”- წერია განცხადებაში, რომელიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.  



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი