ახალი ამბებისამართალი

ოპოზიციის აქციის გამო შსს-მ გურჯაანის რამდენიმე ქუჩა გადაკეტა

20 დეკემბერი, 2018 •
ოპოზიციის აქციის გამო შსს-მ გურჯაანის რამდენიმე ქუჩა გადაკეტა

გურჯაანში, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის პარალელურად, გაერთიანებული ოპოზიციის დაანონსებული საპროტესტო აქციის გამო, დილის 09:00 საათიდან  ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე შსს ზღუდავს ავტოტრანსპორტის მოძრაობასა და პარკირებას, კერძოდ: დ. გურამიშვილის, შ. რუსთაველის, ი. ნონეშვილის და თავისუფლების ქუჩებზე.

როგორც შსს აცხადებს, ქუჩები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადაკეტეს, სადაც ავტომანქანების მოძრაობა აქციის დასრულებისთანავე სრულად აღდგება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მოუწოდებს ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

შსს-ს განცხადებით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია, თუმცა ის უნდა ხორციელდებოდეს მშვიდობიანი ფორმით და არ უნდა ლახავდეს სხვა პირთა უფლებებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას:

“ამასთან, დაუშვებელია შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების დროს შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების ბლოკირება, ხოლო კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე – გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. ამასთან, დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა.

პოლიცია 20 დეკემბერს დაიცავს გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილების გამოხატვის თავისუფლებას. ბრალდებულ დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების სასამართლო განხილვის პარალელურად დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს შეუძლიათ ისარგებლონ მშვიდობიანი შეკრების უფლებით და აზრის დაუბრკოლებლად გამოხატვის თავისუფლებით კანონით დასაშვებ ფარგლებში და დადგენილი წესით.”

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა არ დაირღვეს კანონი, უზრუნველყოფილი იქნეს საზოგადოებრივი წესრიგი და სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი საქმიანობა.

“ამ მიზნით და შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,” – აცხადებს შსს.

  • გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მეორე დღეა ბრალდებულის თანამებრძოლები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, მათი მართვის ცენტრი დღეიდან სწორედ გურჯაანში გადადის. გურჯაანის გარდა, გაერთიანებული ოპოზიცია აქციების ჩატარებას საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავს.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ველისციხის ინციდენტის გამო პასუხისგებაში ყველა კანონდამრღვევი მაღალჩინოსანი უნდა მიეცეს, ხოლო კირკიტაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. მათი თქმით, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ხელისუფლების ახალი პოლიტპატიმარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი