ახალი ამბებისამართალი

გორში ფერმერს 128 ვაშლის ხე გაუჩეხეს

19 დეკემბერი, 2018 • 9067
გორში ფერმერს 128 ვაშლის ხე გაუჩეხეს

რამდენიმე დღის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში ფერმერს 128 მსხმოიარობაში ახლად შესული ვაშლის ხე გაუჩეხეს. დამნაშავის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

ინფორმაცია და ფოტოები ფეისბუკით საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ გაავრცელა.

გაჩეხილი ვაშლის ხეები © ნინო ზამბახიძე

როგორც ნინო ზამბახიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, 1 ვაშლის ხე სრულ მსხმოარობაში 20-30 კგ ვაშლს ისხამს. შესაბამისად, გორელმა ფერმერმა საშუალოდ 2 ტონამდე მოსავალი დაკარგა. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ასეთი ხარისხის ვაშლი ბაზარზე 3-დან 4 ლარამდე ღირს. გამოდის, რომ ფერმერის ოჯახმა წელიწადში დაახლოებით 7000 ლარის შემოსავალი დაკარგა.

მგონია, რომ ამის გამკეთებელი არის ნაძირალა და მეტი არაფერი. კაცი 4 წელი ელოდა მოსავალს და მსხმოიარობაში რომ შევიდა ხე, გაუჩეხეს. ამის გამკეთებელი მერე შვილების, ოჯახის და ქართველობის სადღეგრძელოს დალევს,” – წერს ნინო ზამბახიძე.

ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა აღნიშნული ფაქტის შესახებ, სადაც განგვიცხადეს, რომ გამოაძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გაჩეხილი ვაშლის ხეებიდან ერთ-ერთის პირველი მსხმოიარობა 2018 წელს

მასალების გადაბეჭდვის წესი