ახალი ამბები

ოპოზიცია კახეთიდან ბრუნდება და გომბორის გადასახვევთან შეიკრიბება

16 დეკემბერი, 2018 • 1852
ოპოზიცია კახეთიდან ბრუნდება და გომბორის გადასახვევთან შეიკრიბება

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ცოტა ხნის ნეტგაზეტს უთხრა, რომ ოპოზიციის კოლონა კახეთიდან თბილისისკენ დაბრუნდება. მელიას ცნობით, ოპოზიციონერები გომბორის გადასახვევთან შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ, კონკრეტულად როგორ იმოქმედებენ დღეიდან.

ოპოზიციის კოლონას, რომელიც თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის გასაპროტესტებლად მიდიოდა, პოლიციამ გურჯაანი-თელავის დამაკავშირებელ მაგისტრალზე გზა ჩაუკეტა. შსს აცხადებდა, რომ მათ ოპოზიციას თელავში ყვარლის გავლით ჩასვლა შესთავაზეს, რასაც ტყუილს უწოდებს ოპოზიცია. გურჯაანი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში სიტუაცია დაძაბული იყო. ოპოზიციონერები უშედეგოდ ცდილობდნენ თელავისკენ გზის გაგრძელებას.

დილიდან იყო ჩაკეტილი გომბორის უღელტეხილი, რომლითაც თბილისიდან თელავში მოხვედრა უფრო მოკლე მანძილით შეიძლება. ამ მიმართულებით გადაადგილების საშუალება მხოლოდ ინაუგურაციის სტუმრებს სპეციალური საშვებით ჰქონდათ.

სალომე ზურაბიშვილმა უკვე დადო საპრეზიდენტო ფიცი და ის ოფიციალურად გახდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, მას პრეზიდენტად არ აღიარებს.

ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი