ახალი ამბები

ნურავის ექნება ილუზია, რომ შემოიტანს დისონანსს საზოგადოებრივ ცხოვრებაში – ბახტაძე

16 დეკემბერი, 2018 •
ნურავის ექნება ილუზია, რომ შემოიტანს დისონანსს საზოგადოებრივ ცხოვრებაში – ბახტაძე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია “აუცილებლად ჩატარდება მშვიდ და საზეიმო ვითარებაში”.

“ამავე დროს, კონსტიტუციით გარანტირებულია ის, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი მოქალაქეობრივი სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. პოლიციამ შესთავაზა ყველას, რომ ესარგებლათ ალტერნატიული გზით. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც ვთქვი რამდენიმე თვის უკან, როცა საარჩევნო კამპანია იწყებოდა. ნურავის ექნება ილუზია, რომ შემოიტანს დისონანსს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველო არის შემდგარი დემოკრატია. როდესაც ადამიანი და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს არჩევნებში, ამას უნდა ღირსეული შეხვედრა, მათ შორის, ოპონენტის მხრიდან”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ თელავში, სადაც ის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდა.

პრემიერის თქმით, პირველი ქალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების გარდა, დღევანდელი დღე ისტორიულია იმ თვალსაზრისითაც, რომ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში და ქვეყანა სრულფასოვან საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადადის.

ოპოზიციას ამ დრომდე არ ეძლევა საშუალება, თელავის მიმართულებით კოლონებით გადაადგილდეს. ოპოზიციის საპროტესტო კოლონა თბილისიდან თელავისკენ 09:00 საათზე დაიძრა. მათ გომბორის გზა გადაკეტილი დახვდათ, იქ მხოლოდ საშვების მქონე ადამიანებს უშვებდნენ. ამის შემდეგ მათ გზა გურჯაანის გზით გააგრძელეს. ჩუმლაყთან გზა შსს-მ ავტობუსებით ჩაუხერგა. შსს ამბობს, რომ მათ გზა ან ფეხით უნდა გააგრძელონ (თელავამდე 30 კილომეტრია) ან ყვარლის გზით გააგრძელონ მოძრაობა (60 კილომეტრი). აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი პოლიციას წინასწარ არ გაუფრთხილებია ყვარლის მარშრუტზე და გზის გაგრძელებას გურჯაანის გზით ცდილობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ყვარლის მარშრუტის შესახებ პოლიციის ინფორმაცია ტყუილია. მათ ჩუმლაყთან გზიდან მანქანებისა და ავტობუსების გადაყვანა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ. ვითარება ჩუმლაყთან ამ დრომდე დაძაბულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი