ახალი ამბები

სასამართლოს ფარული მიყურადების სტატისტიკის პროაქტიულად გამოქვეყნებას სთხოვენ

18 ივნისი, 2014 • • 1244
სასამართლოს ფარული მიყურადების სტატისტიკის პროაქტიულად გამოქვეყნებას სთხოვენ

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, “ფონდი ღია საზოგადოება – საქართველომ”, “ჯამპსტარტჯორჯიამ”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა” და “ფონდმა პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე მიმართვა დღეს გაავრცელეს. 

 

მიმართვაში აღნიშნავენ, რომ სასამართლოს მიერ სტატისტიკის გამოქვეყნების შემთხვევაში საზოგადოებას საშუალება ექნება, მიიღოს ინფორმაცია, ფარული მიყურადების რა რაოდენობის მოთხოვნებით მიმართავენ შესაბამისი ორგანოები სასამართლოს და რა რაოდენობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს სასამართლო.

 

ორგანიზაცების აზრით, ამგვარი სტატისტიკის სამ თვეში ერთხელ გამოქვეყნება არ იძლევა ინფორმაციას ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიების შინაარსის შესახებ და მისი გასაჯაროებით ვერ მოხდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების თაობაზე საიდუმლო მონაცემების იდენტიფიცირება. 

 

ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ფარული მიყურადების მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ამავე დროს, ამ ტიპის მონაცემების საჯაროობა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებას, გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას საქართველოში.

 

2013 წლის 17 დეკემბერს მსოფლიო მასშტაბით 100-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (მათ შორის საქართველოდან), საჯარო მიმართვა გაავრცელა ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანათავმჯდომარეების, მუდმივმოქმედ კომიტეტისა და OGP-ის წევრი ქვეყნების  სახელზე.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო

საჯარო მიმართვა  მსოფლიო მასშტაბით მიყურადების არაპროპორციულ პრაქტიკას და გამჭვირვალობის ეფექტურ უზრუნველყოფის მოთხოვნას უკავშირდებოდა. მიმართვის ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია კი OGP-ის წევრ ქვეყნებში ფარულ მიყურადებაზე საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესება იყო.

 

საქართველოში მიმდინარეობს ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership – OGP) სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი. სამოქმედო გეგმის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანო და დაწესებულება იღებს ვალდებულებას, უფრო ღია, გამჭვირვალე და მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებული გახადოს თავისი საქმიანობა. საქართველოს უზენაესი სასამართლო სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ამ პროცესის მონაწილეა.

 

მიმართვის ხელისმომწერი ორგანიზაციების განმარტებით, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელს, რომელიც მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების განხილვებს ესწრებოდა, ჯერჯერობით არ გამოუხატავს სასამართლოს ოფიციალური პოზიცია ამ ვალდებულების აღებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი