საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში თავმჯდომარის არჩევნების მე-2 ტური დასრულდა. ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა, რომელმაც კონკურენტი, ირაკლი ჩომახაშვილი დაახლოებით 100 ხმით დაამარცხა. ყანდაშვილმა 1473 ხმა მიიღო, ხოლო ჩომახაშვილმა – 1366.
კენჭისყრის პროცედურა “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართა. ხმის მიცემის პროცედურა 19 საათზე დასრულდა.
პირველ ტურში ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ირაკლი ჩომახაშვილმა – 1109, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა მუხრან ღურწკაიამ – 302 ხმა. მუხრან ღურწკაიამ მე-2 ტურში მხარდაჭერა ჩომახაშვილს გამოუცხადა.
მე-2 ტურის შედეგებს მალევე გამოეხმაურა ირაკლი ჩომახაშვილი. მან კონკურენტს გამარჯვება მიულოცა.
“1366 მადლობა ჩემს კოლეგებს, ჩემს გუნდს და უკლებლივ ყველა გულშემატკივარს. განუზომელია ჩემი მადლიერება. ვულოცავ, ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს გამარჯვებას”, – დაწერა ჩომახაშვილმა.
ცნობები ადვოკატთა ასოციაციის შესახებ
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), რომელიც აერთიანებს ყველა იმ პირს, ვისაც საქართველოში საადვოკატო საქმიანობის უფლება აქვს.
ეს არის თვითმმართველი ორგანიზაცია, რაც ნიშნავს, რომ ის არ ექვემდებარება სახელმწიფო უწყებებს და თავად მართავს საკუთარ საქმიანობას. საქართველოში საადვოკატო საქმიანობის განხორციელება ასოციაციის წევრობის გარეშე აკრძალულია. ასოციაცია ადგენს, ვინ შეიძლება გახდეს ადვოკატი. ამისათვის ის:
- ატარებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებს;
- ანიჭებს ადვოკატის სტატუსს და გასცემს შესაბამის მოწმობებს;
- აწარმოებს ადვოკატთა ერთიან რეესტრს
გარდა ამისა, ასოციაციაში მოქმედებს ეთიკის კომისია, რომელიც:
- განიხილავს მოქალაქეების საჩივრებს ადვოკატების წინააღმდეგ;
- ამოწმებს, ხომ არ დაარღვია ადვოკატმა პროფესიული ეთიკის კოდექსი (მაგალითად, კლიენტის ინტერესების ღალატი, კონფიდენციალურობის დარღვევა და ა.შ.);
- უფლებამოსილია დააკისროს ადვოკატს სახდელი: გაფრთხილებიდან — საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევამდე.
ასოციაცია იცავს თავად ადვოკატებს დამოუკიდებლობის ხელყოფისგან. თუ ადვოკატს საქმიანობისას ხელს უშლიან, აშინებენ ან უკანონოდ ერევიან მის მუშაობაში, ასოციაცია უნდა რეაგირებდეს ამ ფაქტებზე.
ასოციაციას მართავს რამდენიმე ორგანო:
საერთო კრება: უმაღლესი ორგანო, სადაც ყველა ადვოკატს აქვს ხმის უფლება.
აღმასრულებელი საბჭო: მმართველი ორგანო, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას უძღვება.
თავმჯდომარე: წარმოადგენს ასოციაციას და ხელმძღვანელობს მის მუშაობას.
ეთიკის კომისია: დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც დისციპლინურ საკითხებს წყვეტს.
გარდა თავმჯდომარისა, მიმდინარე არჩევნების განმავლობაში ადვოკატებმა ასევე აირჩიეს ეთიკის კომისიისა და აღმასრულებელი საბჭოს წევრებიც.







