ახალი ამბები

კამერუნის მოქალაქის ცემის ფაქტს შსს რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით იძიებს – TDI

7 დეკემბერი, 2018 • 2899
კამერუნის მოქალაქის ცემის ფაქტს შსს რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით იძიებს –  TDI

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება კამერუნის მოქალაქის ცემის ფაქტზე, რომელიც 2018 წლის ნოემბერში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა” (TDI). დაზარალებულს სწორედ TDI იცავს.

ინფორმაცია შემთხვევის შესახებ თავდაპირველად მედიასაშუალება “ინფორუსთავმა” გაავრცელა. მედიასაშუალების ცნობით, კამერუნის მოქალაქე 29 ნოემბერს რუსთავში მირკოავტობუსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა “მარშრუტკაში” მყოფი კაცი. აღნიშნული პირი მას რასობრივ ნიადაგზე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეუბნებოდა, რომ მისი ადგილი საქართველოში არ იყო, შემდეგ კი ფიზიკურადაც იძალადა, რაც მიკროავოტბუსიდან ჩასვლის შემდეგაც გაგრძელდა. ძალადობის მსხვერპლმა ინციდენტის ტელეფონით გადაღება მოახერხა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა.

TDI-ის ცნობით, თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) დაიწყო. იდენტიფიცირებულია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი. ძალადობის  მსხვერპლი ინციდენტის დღესვე, 29 ნოემბერს, გამოიკითხა. სამედიცინო ექსპერტიზა მას მომდევნო დღეს ჩაუტარდა. გამოკითხულია ასევე მოწმე, რომელიც სამარშრუტო ტაქსიდან  გადმოსვლის შემდეგ ძალადობის ქუჩაში გაგრძელების ეპიზოდს შეესწრო.

“საქმეში ჩართვისთანავე, TDI-მ კამერუნის მოქალაქისთვის დაზარალებულის სტატუსის, ხოლო საქმისათვის რასობრივი დისკრიმინაციის კვალიფიკაციის მინიჭება მოითხოვა. 4 დეკემბერს, TDI-ის იურისტის მონაწილეობით, დანაშაულის ჩამდენი პირის ამოცნობის პროცედურაც ჩატარდა,  ხოლო 6 დეკემბერს რასობრივი შეუწყნარებლობის ნიადაგზე ძალადობის მსხვერპლს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა”, – აცხადებს TDI.

ორგანიზაციისვე ცნობით, სისხლის სამართლის გამოძიებაზე მონიტორინგის მიზნით, მათ მიმართეს საქართველოს შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტსაც, რათა საქმეზე  უზრუნველყოფილი იყოს დროული რეაგირება და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობა.

გამოძიების ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 142 პრიმა მუხლით (რასობრივი დისკრიმინაცია) გადაკვალიფიცირდა. გამოძიება გრძელდება.

“უკანასკნელ პერიოდში გახშირდა რასიზმისა და სიძულვილით მოტივირებული ქმედების შემთხვევები. მსგავსი შეუწყნარებლობის მსხვერპლი, ყველაზე ხშირად, აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენელი პირები ხდებიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებებმა მოახდინონ მყისიერი და ადეკვატური რეაგირება სიძულვილის მოტივით ჩადენილ ყოველ ქმედებაზე. ამავდროულად, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე მკაფიო სტრატეგია და პოლიტიკა რასიზმთან, ქსენოფობიათან და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით”, – აცხადებს TDI.

მასალების გადაბეჭდვის წესი