ახალი ამბებისამართალი

ნინოწმინდაში მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და მანქანები დაუწვეს

4 დეკემბერი, 2018 • 2991
ნინოწმინდაში მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და მანქანები დაუწვეს

გუშინ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მოკლული პირის ახლობლებმა და თანასოფლელებმა მკვლელობაში ბრალდებულს სახლი, სათავსო და ავტომობილები დაწვეს. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კაცის ოჯახის წევრები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

“ხანძარი უკავშირდება გუშინ ფოკაში განზრახ მკვლელობის ფაქტს, რომელიც გაიხსნა ცხელ კვალზე. დაკავებულია 1986 წელს დაბადებული პირი. მოკლულის ოჯახის ახლობლებმა და თანასოფლელებმა მკვლელობაში ბრალდებულის სახლს, სათავსო ფერმას და ეზოში მდგარ ოთხ ავტომობილს განზრახ მოუკიდეს ცეცხლი და დაწვეს. პოლიციამ შეძლო, რომ დაკავებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება დაეცვა და შემთხვევის ადგილიდან გაერიდებინა,” – განუცხადეს ნეტგაზეთს შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს. სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, ინციდენტში 300-მდე მოკლულის ახლობელი მონაწილეობდა, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

  • მკვლელობა ფოკაში

გუშინ, 3 დეკემბერს, სოფელ ფოკაში 1985 წელს დაბადებული ხ.ტ-ს განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისივე თანაკლასელი დააკავეს, რომელსაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, 1986 წელს დაბადებულმა გ.მ., წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, თანასოფლელი  ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. პოლიციის ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი