ახალი ამბები

ოპერაცია თბილისში: შსს 7 დაკავებულს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება

2 დეკემბერი, 2018 • 1433
ოპერაცია თბილისში: შსს 7 დაკავებულს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მოქალაქეების დაკავებას ადასტურებს.

უწყების ცნობით, დაკავებულია სულ 7 ადამიანი, რომელთა მიმართ გამოძიება ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლითაა დაწყებული.

მანამდე, ლიხაურის ქუჩაზე გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ცნობა “რუსთავი2”-მა გაავრცელა. ტელეარხი იუწყება, რომ 5 დაკავებულის შესახებ იუწყებოდა და აცხადებდა, რომ ყველა მათგანი უკრაინის მოქალაქეა.

“რუსთავი2”-ის ცნობით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ბატალიონ “დონბასის” მებრძოლი ლუკა ჩხეტიაა, რომელიც, არხისვე ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად უკრაინიდან სპეციალურად ჩამოვიდა.

ჩხეტიას ოჯახი რ2-თან საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფო წინასწარ გეგმავდა მის აყვანას და დაკავებულის სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.

“კატეგორიულად მოვითხოვთ, ჩემი ძმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ გახარიამ და მისმა მარიონეტებმა. მათ ეს გააკეთეს, დაგეგმეს, იქექებოდნენ ჩვენს ფეისბუქ გვერდებზე, ეძებდნენ, ვერაფერი იპოვეს… მთელი დღე და ღამე ჩვენი ფეისბუქ გვერდები ჩართული იყო, როცა ჩვენ არ ვიყავით საიტზე.

ჩვენ ველოდით, რომ ჩემს ძმას რაღაცას გაუკეთებდნენ. ადამიანი, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნისთვის ამდენი წელი, ორჯერაა ავღანეთში ნამყოფი… ასეთი ადამიანი რომ ასე დაიჭირონ და უსამართლოდ მოექცნენ, ამას არ დავუშვებთ”, – უთხრა დაკავებულის დამ, მარინა ჩხეტიამ “რუსთავი2”-ს.

შსს აღნიშნულის შესახებ დამატებით ინფორმაციას, ამ ეტაპზე, არ ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი