ახალი ამბები

ბაჩუკი ქარდავას თავს დაესხნენ — გრიგოლ ვაშაძე

1 დეკემბერი, 2018 • 2066
ბაჩუკი ქარდავას თავს დაესხნენ — გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ წევრს, ბაჩუკი ქარდავას, თავს დაესხნენ.

“დეტალები არ ვიცი ჯერ. თავს დაესხნენ ბაჩუკი ქარდავას, როდესაც ის მოდიოდა ოფისში”, – განაცხადა ვაშაძემ ბრიფინგზე 1 დეკემბერს, რომელიც კიდევ ერთ წევრზე, თაკო ჩარკვიანზე თავდასხმას შეეხებოდა.

როგორც ნეტგაზეთს ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ უთხრა, შემთხვევა ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა.

ვაშაძის თანახმად, ბაჩუკი ქარდავას რამდენიმე ადამიანმა მიაყენა სიტყვიერი შერაცხყოფა, რის შემდეგაც საქმეში მაღაზიის დაცვა ჩაერია და აღნიშნული ადამიანები ადგილიდანნ მიიმალნენ. მისივე ცნობით, ადგილზე პოლიცია არ გამოუძახებიათ.

ნეტგაზეთს შსს-ში თავდაპირველად უთხრეს, რომ შემთხვევის შესახებ მათთვის არ მიუმართავთ. ჩვენ მათ ვკითხეთ, ახლა, როდესაც თავდასხმის შესახებ საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია, დაიწყებენ თუ არა გამოძიებას.

“მიუხედავად იმისა, რომ პოლიციისთვის ბაჩუკი ქარდავას არ მიუმართავს მასზე თავდასხმის ფაქტის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოკითხავს ბაჩუკი ქარდავას და თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას”, გვიპასუხეს უწყების პრესსამსახურში.

ბაჩუკი ქარდავა “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარეა.

[მასალა განახლდა 1 დეკემბერს 17:00-ზე შსს-ის პასუხით]

მასალების გადაბეჭდვის წესი