ახალი ამბები

“არავის არ ეშინია თქვენი” — ვაშაძე თაკო ჩარკვიანზე თავდასხმის შემდეგ

1 დეკემბერი, 2018 • 1496
“არავის არ ეშინია თქვენი” — ვაშაძე თაკო ჩარკვიანზე თავდასხმის შემდეგ

ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გაერთიანების წევრზე, თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე, თავდასხმას “ორგანიზებულ კამპანიას” უწოდებს.

ჩარკვიანს და მის მეუღლეს 1 დეკემბერს, სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო დაესხნენ თავს ქუთაისის აეროპორტში.

“ეს არის ორგანიზებული კამპანია. არ გეგონოთ, რომ ეს რაღაც იზოლირებული მოვლენა იყო. მიზანმიმარტულად ელოდებოდნენ ოჯახს აეროპორტში”, განაცხადა ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეს “დაშინების კამპანია არის მართული ე.წ ხელისუფლების მიერ, პოლიტიკური პოლიციის მიერ, რომელიც თავის თავს სუს-ს ეძახის და მასთან შეზრდილი კრიმინალების მიერ”.

“ჯერ ეს ერთი, მინდა გითხრათ, რომ არავის არ ეშინია თქვენი. მეორე, მინდა გითხრათ, რომ ყველა გეგმას, რაც დასახული გვაქვს, აუცილებლად განვახორციელებთ. მესამე — არ მოგცემთ უფლებას, რომ ეს ადამიანები [ჩვენი მხარდამჭერები, შტაბის აქტივისტები და ხელმძღვანელები, ვინც ოპოზიციის კამპანიასთან იყო დაკავშირებული] დააშინოთ ან მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოთ და ყველა ასეთ ფაქტს მივიტანთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან”, – განაცხადა ვაშაძემ.

“ჩვენ ვრჩებით კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში და იმავეს მოვითხოვთ ეგრეთ წოდებული ხელისფლებისგან”, – დასძინა ვაშაძემ.


შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 4 ადამიანი დააკავეს ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე.

აქედან ერთი ადამიანი ძალადობის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსით), ხოლო სამი — წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით (ადმინისტრაციული წესით).

შსს-ის ცნობითვე, თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

“თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს”, — წერს შსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი