ახალი ამბები

ოპოზიცია ამბობს, რომ ჩუმლაყში მათი მანქანის მიმართულებით ისროლეს

28 ნოემბერი, 2018 • 1162
ოპოზიცია ამბობს, რომ ჩუმლაყში მათი მანქანის მიმართულებით ისროლეს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში უცნობმა პირმა იმ ავტომობილისკენ ისროლა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ. შემთხვევა შუადღისას მოხდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმის, დავით სააკაშვილის თქმით, რომელიც ჩუმლაყში ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, სროლა მე-19 უბნის დატოვების შემდეგ მოესმათ.

„რომ გამოვედით ჩუმლაყის მე-19 უბნიდან, მოგვესმა სროლის ხმა, თითქოს. არც მივაქციეთ ყურადღება, მაგრამ მერე რომ გავაგრძელეთ გზა, ისევ გაგრძელდა სროლის ხმა და ეს ყველაფერი აღბეჭდა ვიდეორეგისტრატორმა,“ – აღნიშნა მან “რუსთავი2”-თან საუბრისას.

ავტომანქანის მძღოლის თქმით,  “გაურკვეველი ავტომობილები” გასული კვირების განმავლობაშიც დაჰყვებოდნენ.

“ჩემს ავტომობილს ორი კვირაა დასდევენ გაურკვეველი ავტომობილები, რადგან ბატონი დავით სააკაშვილი არის ჩემს გვერდით. მაქვს ეჭვი, რომ ჩვენი უსაფრთხოება არ არის დაცული ამ ქვეყანაში. არცერთი საარჩევნო უბანი არ არის დაცული”, – თქვა ავტომანქანის მძღოლმა.

ოპოზიციის ამ განცხადებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. უწყების ვერსიით, ფაქტი არჩევნებთან კავშირში არ არის.

“ამ ეტაპზე, როგორც მოწმეებთან გასაუბრებით ირკვევა, აღნიშნულს კავშირი არ აქვს არჩევნებთან და არ გამოიკვეთა პოლიტიკური მოტივი. გასროლა განხორციელდა ჩუმლაყის N19-ე საარჩევნო უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან”, – აღნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი