ახალი ამბები

ბახტაძე დამსაქმებლებს მიმართავს, დასაქმებულებს არ შეუზღუდონ ხმის მიცემის უფლება

27 ნოემბერი, 2018 • 1212
ბახტაძე დამსაქმებლებს მიმართავს, დასაქმებულებს არ შეუზღუდონ ხმის მიცემის უფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დამსაქმებლებს მიმართავს და მოუწოდებს, ხელი შეუწყონ, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება და არ შეეზღუდოს კანონით გარანტირებული უფლება:

“მოგეხსენებათ, რომ არჩვენების დღე, 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოვაცხადეთ. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, გამოიჩინონ აქტიურობა, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე, ყველა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი.

ასევე, მივმართავ ყველა დამსაქმებელს, ხელი შეუწყოს, რომ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება და არ შეეზღუდოს კანონით გარანტირებული უფლება. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული”, – თქვა ბახტაძემ.

მისი თქმით, თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული და ეს “ქართული ოცნების” ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება:

“მოვუწოდებ ყველას, დაიცვას კანონის მოთხოვნები, არ შექმნას საარჩევნო პროცესში ისეთი ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას, საფრთხეს შეუქმნის და ჩრდილს მიაყენებს არჩევნების პროცესს. ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შემთხვევაში სახელმწიფო იმოქმედებს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით” ,- თქვა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ შსს-ს თანამშორმლებსაც მიმართა და სთხოვა, არჩევნების მეორე ტურზეც უზრუნველყონ მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მაქსიმალური წესრიგი:

“ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც არჩევნების პირველ ტურში თავისი მოვალეობის შესრულებისას აჩვენეს უმაღლესი სტანდარტი, ამჯერადაც უზრუნველყონ მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მაქსიმალური წესრიგი, რეაგირების გარეშე არ დატოვონ და საჭიროების შემთხვევაში დროულად აღკვეთონ ნებისმიერი კანონდარღვევა” ,- ამბობს მამუკა ბახტაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი