მელორ ვაჩნაძე ამბობს, რომ პოლიტიკური დევნის გამო ქვეყანას ტოვებს

“ქართული მარშის” ყოფილი წევრი მელორ ვაჩნაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან შურისძიების შიშით საქართველოს ტოვებს.

ვაჩნაძე, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო, ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო უწევს ოჯახთან ერთად ქვეყნიდან წასვლა.

“იმის გამო, რომ ადამიანს არ უნდა რაღაცაში არ ჩაერიოს, არ არის ვიღაცის ხელდასმული ან არ იმართება ვიღაცისგან, ასეთი ადამიანების მოშორება არ შეიძლება. თან ისეთი ადამიანების, რომლებიც წლებია იბრძვიან, ციხეები გამოიარეს”, – ამბობს ვაჩნაძე რუსთავი2-თან საუბარში.

“უნდა გრცხვენოდეთ, თქვენ, ოცნების მაღალჩინოსნებო, როდესაც უკვე საშუალო რანგის პოლიციელები პირდაპირ, ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ წლების მანძილზე რაღაც პროვოკაციებს მიწყობენ”, – მიმართავს იგი მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებს.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ იგი ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში დაიბარეს, სადაც ესაუბრა დათო პაპაშვილს, სამმართველოს უფროსის მოადგილეს, და მასთან საუბარი ჩაიწერა, რადგან მიაჩნდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა.

“მეორე დღეს მივედი და ვუთხარი, მე თქვენ ჩაგწერეთ და ამას სააშკარაოზე გამოვიტან, თუკი თავს არ დამანებებთ”, რაზეც პასუხად, ვაჩნაძის თქმით, მუქარა მიიღო: “იარაღის ჩადება დამიპირეს”.

ვაჩნაძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს:

“მტრად გამომაცხადეთ? დღეს პირადად მე მიდებდით იარაღს? გუშინ მიდებდით დანას მესამეჯერ? ადრე ჩამოდეთ იარაღი? 20-ჯერ დამიჭირეთ? 15 დასკვნა მაქვს სამედიცინო, სადაც დაზიანებით მიმიყვანეთ დაკავების შემდეგ. არცერთხელ არ გავაკეთე განცხადება. ვცდილობდი, რომ ქვეყნის იმიჯი არ დამეზიანებინა. მტერი ხარ? ხოდა მოგექცევი, როგორც მტერს. მთელი ევროპა გაიგებს, რა დემოკრატები ხართ, რა მაგრად იცავთ ადამიანის უფლებებს და თუ ეს ვიღაცის თვითშემოქმედებაა შუა რგოლში, მაშინ ადგეს გახარია და გადადგეს. მოდი, გადადექი და ისეთი დავნიშნოთ, რომელიც გააკონტროლებს მაღალ ეშელონებშიც, დაბალშიც და საშუალოშიც და ადამიანებს არ ჩაუდებენ…” — თქვა ვაჩნაძემ რუსთავი2-თან ინტერვიუში.

ნეტგაზეთი ცდილობს შსს-სგან ინფორმაციის მიღებას. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com