ახალი ამბებისაზოგადოება

მოკლა თუ არა რუსეთმა აშშ-ის ჯაშუში საქართველოში

23 ნოემბერი, 2018 • 5776
მოკლა თუ არა რუსეთმა აშშ-ის ჯაშუში საქართველოში

1993 წელს საქართველოში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA-ის) ჯაშუში ფრედი ვუდროფი მოკლეს. გამოძიების თანახმად, ვუდროფი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, თუმცა მისი ოჯახის ადვოკატის მიერ ახლადგამოცემული წიგნი ამბობს, ადამიანი, ვინც ვუდროფის მკვლელობისთვის გაასამართლეს, უდანაშაულოა, მკვლელობის უკან კი რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.

ვუდროფი 1992-93 წლების მიჯნაზე ჩამოვიდა საქართველოში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების გასაწვრთნელად. ეს, ადვოკატის თანახმად, აშშ-ის სპეცსამსახურების პირველი მსგავსი მისია იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. საქართველოში ამ დროს არეულობა იყო;  მის თანახმადვე, CIA-ის ქვეყანა ნარკოტრაფიკის გზაზე ერთ-ერთ მთავარ კვანძად ჰქონდა მონიშნული.

“ბრმა ტყვია”

1993 წლის 8 აგვისტოს 45 წლის ფრედი რასელ ვუდროფი ქალაქგარეთ გასეირნების შემდეგ ავტომობილი “ნივით” ბრუნდებოდა თბილისში. მანქანაში თან ახლდა ელდარ გოგოლაძე, რომელიც ედუარდ შევარდნაძის დაცვის წევრი იყო, და ორი ქალი, რომელთაგან ერთ-ერთიც, ადვოკატის თანახმად, რუსეთის ჯაშუში აღმოჩნდა.

ფრედი ვუდროფი. ფოტო New-York Times-ის ვებსაიტიდან

ქართული გამოძიების თანახმად, მკვლელობა შემთხვევითი იყო და ვუდროფი იმსხვერპლა ბრმა ტყვიამ, რომელიც მთვრალმა ჯარისკაცმა გაისროლა.

1994 წელს გაიმართა სასამართლო პროცესი, რომელზეც ანზორ შარმაიძეს, 19 წლის ჯარისკაცს, 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. შარმაიძე 2008 წელს გამოვიდა პატიმრობიდან. 

“მიტოვებული ჯაშუში”

თუმცა ტეხასელი ადვოკატი, მაიკლ პულარა, რომელიც ბავშვობიდან ვუდროფების ოჯახის მეგობარი იყო, ეჭვის თვალით უყურებდა ოფიციალურ განმარტებას. იგი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საქმის დეტალებს გაეცნო, შეისწავლა და გააანალიზა, დარწმუნდა, რომ შარმაიძე უდანაშაულო იყო და ვუდროფის მკვლელობის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ.

“მიტოვებული ჯაშუში: რუსეთი, შეერთებული შტატები და CIA-ის ჯაშუშის ღალატისა და მკვლელობის ნამდვილი ამბავი”,  — ასე ჰქვია წიგნს, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გამოსცა ადვოკატმა პულარამ. მისი წიგნის თანახმად, მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ალდრიხ ეიმზს, რომელიც ასევე CIA-ში მუშაობდა, თუმცა ორმაგი აგენტი აღმოჩნდა — იგი რუსული KGB-სთვის მუშაობდა.

ანზორ შარმაიძე

პულარას თანახმად, თბილისში 1993 წელს, როდესაც ეიმზის ორმაგი აგენტობა ჯერაც არ იყო გარკვეული, ვუდროფი და ეიმზი საქართველოში დიდ დროს ატარებდნენ ერთად. ერთ დღეს კი თბილისის ერთ-ერთ ბარში დალევის შემდეგ ხმამაღალი შელაპარაკება მოუვიდათ. როგორც პულარა Newsweek-თან ინტერვიუში ამბობს, კონტექსტი მიანიშნებს, რომ იმ ღამით, შესაძლოა, ეიმზი დათვრა და რამე ისეთი თქვა, რამაც ვუდროფი დააეჭვა.

ადვოკატის თანახმად, ეიმზი მიხვდა, რომ მან შეცდომა დაუშვა და სიმთვრალეში ვუდროფთან თავი გამოიაშკარავა და ამის შემდეგ ისღა დარჩენოდა, რომ KGB-ში ხელმძღვანელისთვის ეთხოვა დახმარება. ხელმძღვანელობამ კი ეიმზის დაცვა ვუდროფის მკვლელობის საშუალებით დაისახა მიზნად. მათ იცოდნენ, რომ ვუდროფი კიდევ ორი კვირის განმავლობაში არ ბრუნდებოდა შტატებში და დარწმუნებულები იყვნენ, აშშ-ში, ლენგლიში დაბრუნებამდე, ის თავის ხელმძღვანელობას ეიმზის შესახებ ეჭვებზე არ უამბობდა.

პულარას თქმით, სწორედ ამ მიზეზით მოკლეს ვუდროფი — დაეცვათ თავიანთი აგენტი CIA-ში.

რატომ არ წაუყენეს ეიმზს ბრალი ვუდროფის მკვლელობისთვის?

1994 წელს, როდესაც ეიმზი სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს, ანზორ შარმაიძე უკვე გასამართლებული იყო. ადვოკატის ინფორმაციით, FBI-მ ეიმზის დაკავებიდან მალევე დაიწყო გამოძიება, ხომ არ იყო იგი ვუდროფის სიკვდილთან კავშირში, მაგრამ ამ ხაზს არ გაჰყოლიან.

ადვოკატის ვარაუდით, ამის მიზეზი შემდეგში მდგომარეობს: ეიმზს სხვადასხვა დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა. პატიმრობის პერიოდში კი ამერიკული სპეცსამსახურები მისგან მაქსიმალური ინფორმაციის მიღებას შეეცდებოდნენ. ხოლო თუ ამ ბრალდებებს ამერიკის მოქალაქის მკვლელობაც დაემატებოდა, ეიმზი სასიკვდილო განაჩენს ვერ აცდებოდა, რაც მათ მიზანს — ეიმზისგან სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას — ხელს შეუშლიდა. ამიტომაც, თუკი სურდათ, სასიკვდილო განაჩენისგან ეხსნათ, ვუდროფის სიკვდილის ბრალდების წაყენებისგანაც უნდა დაეცვათ, ამბობს ადვოკატი.

“მხედრიონის” ინტერესები

Newsweek-ის ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ეცდებოდა საქართველოს ხელისუფლება ამ დროს რეალური მკვლელის დაფარვას, ადვოკატი პასუხობს:

“ამ მკვლელობის დროს საქართველოს ოთხკაციანი საბჭო [საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო — გადატრიალების შემდეგ შექმნილი არაკონსტიტუციური ორგანო] მართავდა. ნამდვილი ძალაუფლება ჯაბა იოსელიანის ხელში იყო, რომელიც 5 000-კაციანი დაჯგუფება მხედრიონის მეთაური იყო. იოსელიანსა და მის დაჯგუფებას ახლო კავშირები ჰქონდათ რუსეთის სამხედრო უშიშროებასთან და იმ ორ ადამიანთან, ვინც ვუდროფთან ერთად სიკვდილის მომენტში მანქანაში იმყოფებოდნენ.

ჯაბა იოსელიანი

თუკი ნამდვილი გამოძიება ჩატარდებოდა, ეს GRU-ს (რუსეთის სამხედრო დაზვერვა) მონაწილეობას გამოააშკარავებდა, რაც არ შედიოდა იოსელიანის ინტერესებში.

როდესაც 1993-94 წლებში საქართველოს ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ, რაიმე ერთიან ორგანიზაციაზე არ ვსაუბრობთ. საქმე გვაქვს ქმნილებასთან, რომელშიც სხვადასხვა ინტერესის მქონე ჯგუფი დომინირებს. თუმცა, ეს ჯგუფები ვუდროფის შესახებ მკვლელობაზე თანხმობაში არიან. ყველას სურს, რომ ეს პრობლემა გაქრეს და, ამავე დროს, აშშ კმაყოფილი დარჩეს — რადგან, თუნდაც მხედრიონი იყო, მაინც გინდა, ამერიკული ფული შედიოდეს ქვეყანაში.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამერიკის დაკმაყოფილება არც ისე რთული აღმოჩნდა. ვუდროფის მკვლელობის შემდეგ, საქართველოში CIA-ის დირექტორი ჯეიმზ ვულზი ჩამოვიდა. შევარდნაძემ მითხრა, რომ როდესაც CIA-ის დირექტორი ვულზი შეხვდა აეროპორტში ვუდროფის გადასვენებისას, მას არც უხსენებია მკვლელობა. შევარდნაძემ ამ უმოქმედობის საფუძველზე, დაასკვნა, რომ აშშ-საც სურდა, დასრულებულიყო ეს საქმე”.

მსგავსება სკრიპალების საქმესთან

ადვოკატ პულარას თანახმად, ფრედი ვუდროფის მკვლელობასა და სერგეი სკრიპალისა და ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლის საქმეებში მსგვასებები არსებობს. მისი თქმით, სამივე შემთხვევაში, რუსეთს დიდად არ უცდია, დაემალა თავისი როლი ამ დანაშაულებში. სამივე შემთხვევაში, “რუსეთმა დაარღვია ერთი შეხედვით მეგობრული ქვეყნის სუვერენიტეტი”, რათა აღნიშნული პირები მოეკლათ.

“ეს მიანიშნებს, რომ რუსეთს ჰგონია, თითქოს რაიმე ზე-ეროვნული უფლება აქვს, საკუთარი ნების იმოქმედოს სხვების წინააღმდეგ პლანეტის ნებისმიერ ადგილას… სამივე შემთხვევაში, რუსეთმა დაკარგა იმაზე მეტი, ვიდრე მოიგო”, – ამბოს პულარა.

ადვოკატის შეფასებით, ამ საქმეებს შორის მსგავსებები ცხადყოფს, რომ CIA-ისა და NATO-ის მსგავსი ინსტიტუტები “იმიტომ კი არ იყო საჭირო, რომ რუსეთი კომუნისტური რეჟიმის ქვეყანა იყო, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი რუსეთია”.

“მიტოვებული ჯაშუში: რუსეთი, შეერთებული შტატები და CIA-ის ჯაშუშის ღალატისა და მკვლელობის ნამდვილი ამბავი”

მასალების გადაბეჭდვის წესი