ახალი ამბები

“საქართველოში ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისს 15000 ბავშვი საჭიროებს”

30 მაისი, 2014 • • 2157
“საქართველოში ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისს 15000 ბავშვი საჭიროებს”

“ჩვენმა ასოციაციამ 2006-2007 წლებში ჩაატარა 2 წლის ბავშვთა განვითარების პილოტური კვლევა. აღმოჩნდა, რომ 8.5% -ს აქვს განვითარების პრობლემა. გამოდის, დაახლოებით 25 ათასი ბავშვი უნდა იყოს საქართველოს მასშტაბით, ვისაც, წესით, უნდა ჭირდებოდეს ასეთი დახმარება. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენი ტიპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 10%-ია,”- განაცხადა მაია გაბუნიამ, ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის წარმომადგენელმა ბავშვთა განვითარების ახალი მოდელის საქართველოში დანერგვის შესახებ გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ჩატარდა.

 

მოტორული [მოძრაობითი], გონებრივი, მეტყველების, ქცევითი, კომუნიკაციური და სხვა ტიპის დარღვევების მქონე ბავშვებისთვის საქართველოში ადრეული განვითარების პროგრამა არსებობს. 

 

აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2009 წლიდან დაიწყო. 2011 წლიდან კი სახელმწიფო პროგრამად ჩამოყალიბდა. 2014 წლის ბიუჯეტით პროგრამაში ჩართული ბავშვების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა და წელიწადში 350-ს მიაღწია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს არის მხოლოდ 2-3% იმ ბავშვებისა, ვისაც ამ პროგრამაში ჩართვა სჭირდება. 

 

“დიდი შრომა და მუშაობაა იმისთვის საჭირო, რომ მივიდეთ იქამდე. ევროპის ქვეყნებში ასეთი სერვისები ადამიანებისთვის ძირითადად უფასოა. სახელმწიფო უნდა მიხვდეს, რომ მან უნდა გააკეთოს ეს და მისი პრიორიტეტი უნდა გახდეს. ბავშვის განვითარებაში ჩადებული ნებისმიერი ინვესტიცია მრავალჯერად მოგებას იძლევა იმიტომ, რომ ის [ბავშვი] უნდა იქცეს ჩვენი საზოგადოების აქტიურ წევრად, ანუ ის განაპირობებს იმას, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ჯანსაღი, ეს ოჯახები იყვნენ ძლიერნი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა კარგად გაიგონ, რომ ეს არის იაფი სერვისი, რომ ეს ძალიან ეფექტურია. მსოფლიო ბანკმა დაითვალა და აღმოჩნდა, რომ ყოველ ჩადებულ აშშ დოლარში 7-ს იგებს სახელმწიფო. დათვლილია ისიც, რომ როდესაც ადრეული ინტერვენციის სერვისი არსებობს და ამ სერვისით არის უზრუნველყოფილი ბავშვი, მომავალში 8%-ით მეტი აქვს ანაზღაურება, ვიდრე იმას, ვინც არ იყო ამ სერვისში ჩართული. დღეს, იმედია, ერთად დავსახავთ მიზანს, რომ 2020 წლისთვის ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი იყოს ასეთი დახმარება,”- აცხადებს გაბუნია. 


მისივე თქმით, ბავშვთა ადრეული განვითარების პრობლემებისა და რისკების აღმოჩენა პირველადი ჯანდაცვის რგოლში უნდა მოხდეს. 


“პირველადმა ჯანდაცვის ექიმმა უნდა აღმოაჩინოს ასეთი დარღვევები ბავშვებში და მაშინვე უნდა გააგზავნოს კვლევაზე. როგორც კი ეჭვი ჩნდება, რომ აქ არის განვითარების რაიმე პრობლემა ან რისკი, მაგალითად, ღრმა დღენაკლულობა და სხვადასხვა მდგომარეობები, [არსებობს ასეთი საერთაშორისო სია] რომლებიც ავტომატურად უნდა მოხვდეს ამ სერვისში. მაგრამ არის მოგვიანებით გამოვლენილი მდგომარეობები, მაგალითად, აუტიზმი, რომლის ნიშნები ოჯახის წევრმა შეიძლება 1 წლის ან წლინახევრის ასაკში შეამჩნიოს. განსხვავებით მანამდე არსებული პროგრამებისა, ეს პროგრამა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის არის ფოკუსირებული არა მხოლოდ ბავშვზე, არამედ მის ოჯახზე და იმ გარემოზე, სადაც ის იზრდება.”


კითხვაზე, შეძლებს თუ არა სახელმწიფო უფრო მეტი ბავშვის ჩართვას პროგრამაში, ვიდრე დღესაა, ჯანდაცვის სამინისტროს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, მარი წერეთელი ამბობს:

 

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური პროგრამა, წელს 100 ერთეულით მოიმატა. თუ საჭირო იქნება, შესაძლებელია კვოტების გაზრდაც.” 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი