ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა პრობლემები აქვს გალში მოსახლეობას

2 ივნისი, 2014 •
რა პრობლემები აქვს გალში მოსახლეობას
“ნეტგაზეთის” წყაროს ცნობით, პასპორტების უქონლობა პრობლემას უქმნის მოქალაქეებს პენსიებისა და ხელფასების აღების დროს:


“ამას გარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქუჩაში რეიდის დროს ვერ გახვალ. ვერ წახვალ სასწავლებლად, არ გაქვს უფლება უძრავ ქონებაზე, ვერ გადახვალ საზღვარზე. გალის რაიონში მხოლოდ 20%-მა აიღო პასპორტი და მათგან 1799-ს ჩამოართვეს იმ მოტივით, რომ პასპორტები ყალბი იყო. აფხაზური პასპორტების უქონლობის მიუხედავად, ახალგაზრდები ჯარში მაინც მიჰყავთ. ჯარიდან გათავისუფლება კი მხოლოდ 20 ათასი რუბლის გადახდის შემთხვევაში ხდება”.


ადგილობრივი ჟურნალისტის ცნობით, პასპორტიზაციის გარდა, გალში ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის გამწვავებული კრიმინოგენური სიტუაცია: 
 
“უკვე ერთ წელზე მეტია, თითქმის ყოველდღიურად, ადამიანებს იტაცებენ. ხშირია ძარცვაც. 4 დღის წინ ქალაქის ცენტრიდან 4 კილომეტრში საშინელი სროლა ატყდა ღამის 2 საათზე, ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს და სანაცვლოდ 70 ათასი რუბლი მოითხოვეს. მილიცია არ მისულა თავდასხმის შემდეგ, მხოლოდ მეორე დღეს დაიბარა ოჯახის წევრები დასაკითხად.”  
 
 
“ნეტგაზეთის” წყაროს ცნობით, ამ პრობლემებს ემატება ისიც, რომ ადგილზე მოსახლეობის პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ქართულ მხარესთან თანამშრომლობენ, აფხაზეთიდან აძევებენ:
 
 
“ხდება მათი გაძევება ქვეყნიდან, ვინაიდან ისინი ქართულ მხარესთან კომუნიკაციას ხელს უწყობენ. ეთნიკურ ქართველებს იმედი ჰქონდათ, რომ საქართველო რამე რეაგირებას მოახდენდა, საჯაროდ გამოვიდოდა საერთაშორისო ასპარზზე და მათი უფლებების დარღვევების შესახებ ისაუბრებდა ტელევიიზიით. აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველებზე, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია “მშვიდობისა და რეინტენგრაციის რეგიონული ქსელი საქართველოში” ზრუნავს. ამ ორგანიზაციას აქ კარგად იცნობენ და დიდი მადლერებიც არიან მათი წარმომადგენლების.” 
 
 
გალში არსებულ ვითარებაზე ნეტგაზეთთან ქეთევან ციხელაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილემ განაცხადა, რომ ქართული მხარე კარგად იცნობს იქ მიმდინარე მოვლენებს.
 

“ჩვენ საკმაოდ დეტალური ინფორმაცია გვაქვს ამ მხრივ, რომელსაც პერიოდულად ძალიან დეტალურად ვაცნობთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. დისკუსიების ფორმატის არსებობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა – უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების განხილვა რეგიონებში. იქ ბევრი საკითხის მოგვარებას ვცდლობთ,  მაგალითად, კრიმინალური ვითარების დარეგულირებას, დაკავებებს, სამედიცინო საკითხებს. რაღაც მცირე პროგრესი ამ მხრივ გვაქვს,”- განაცხადა ციხელაშვილმა. 

 

რაც შეეხება პასპორტების თემას, ციხელაშვილი ამბობს:


“ასეთი ჯგუფი რომ არსებობს, არ არის ახალი და არ გაგვკირვებია ის, რაც გაჟღერდა. სამწუხაროდ, პოლიტიკურ დაპირისპირებაში ეს თემა კარგა ხანია მუსირებს. პოლიტიკური თამაშის საგანია, რომელიც ცალსახად დასაგმობია. იგივე ჟენევაში მე პირადად ამაზე ყოველთვის ვსაუბრობ, რომ ჰუმანიტარული თვალსაზრისით მოსახლეობისთვის, რომელიც ცხოვრობს ჩემ მიერ დასახელებულ რაიონებში, არ მოხდეს მათი დისკრიმინაცია ამ ნიშნით.  იმ პასპორტებზე [აფხაზურ], რომელთაც ლეგიტიმურობა არ აქვთ, ცხადია, სამართლებრივად არ ვდავობთ – ეს არის ჰუმანიტარული საკითხი, რომელსაც გარკვეული უფლებები ებმის, მაგალითად, გადაადგილების თუ სხვა ტიპის უფლებები.”


აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, რომელიც 2011 წელს ჩატარდა, გალის რაიონში სულ 30 356 ადამიანი ცხოვრობს, აქედან მოსახლეობის ყველაზე დიდ რაოდენობას ეთნიკურად ქართველები წარმოადგენენ – 27 776. დანარჩენი მოსახლეობა კი ასე ნაწილდება – აფხაზები – 208, რუსები – 188, სომხები -26 და ა.შ. 


4 აპრილს აფხაზეთის პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც ეხება გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის მოსახლეობის პასპორტიზაციის საკითხის მოწესრიგებას. ოპოზიციონერთა განმარტებით, უკანონო იყო დოკუმენტების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე (კანონი ნამდვილად კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას ყველა ქვეყანასთან, გარდა რუსეთისა), რომლებმაც, უბრალოდ, განცხადებები დაწერეს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის თაობაზე. ამავე დღეს მიიღეს ნორმატიული დადგენილება (რომლის აღსრულებაც სავალდებულოა), სადაც ჩაიწერა, რომ ყველა პასპორტი, რომელიც გაიცა კომისიების მიერ ამ სამ რაიონში, ითვლება “დადგენილი პროცედურების დარღვევით გაცემულად და მათ არ შეუძლიათ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის დადასტურება”.


აფხაზეთი; ფოტო: http://portal-kultura.ru/
აფხაზეთი; ფოტო: http://portal-kultura.ru/


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
  


მასალების გადაბეჭდვის წესი