ახალი ამბები

კოჟორიძე: ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტში პრინციპული ნორმა არ არის გათვალისწინებული

30 მაისი, 2014 • • 1213
კოჟორიძე: ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტში პრინციპული ნორმა არ არის გათვალისწინებული

“ეს მიზანი ვერ იქნება მიღწეული იმიტომ, რომ პრინციპული ნორმა არ იქნა პარლამენტის მხრიდან ამ ეტაპზე მხარდაჭერილი”, – აცხადებს კოჟორიძე. მისივე თქმით, ეს “პრინციპული ნორმა” გულისხმობს იმ საკითხის კანონით დარეგულირებას, რომლითაც განისაზღვრება, თუ ვის უნდა ჰქონდეს მიყურადების ტექნიკური საშუალებებისადმი წვდომა.

 

“რომ ავიღოთ ის ვერსია, რაც მხარდაჭერილი იქნა პირველი მოსმენით, არის რიგი მუხლები, რაც, ცხადია, დადებით შეფასებას იმსახურებს. ეს მუხლები ევროსტანდარტების დამკვიდრებისკენ არის მიმართული და ხელს შეუწყობს ჩვენი კანონმდებლობის უკეთესობისკენ შეცვლას, მაგრამ ამავდროულად არის მუხლი, რომელიც იდო ბოლო პერიოდამდე კანონპროექტში, რომელიც არ იქნა მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ, რაც სამწუხაროა იმიტომ, რომ ეს იყო ერთ–ერთი ყველაზე პრინციპული ნორმა. ვგულისხმობ წვდომას ტექნიკური საშუალებებისადმი – ვის უნდა ჰქონდეს სამართალდამცავებს თუ მობილური ოპერატორის თანამშრომლების მეშვეობით სამართალდამცავებს?! – ამას აქვს პრინციპული მნიშვნელობა,” – აცხადებს კახა კოჟორიძე.

 

საია-ს თავმჯდომარის თქმით, მთელი სიმწვავით უკანონო მიყურადების პრობლემა საზოგადოების წინაშე დადგა არა იმიტომ, რომ სასამართლო განჩინებებს ვერ ასაბუთებდა, არამედ მთავარი პრობლემა იყო ის, რომ სასამართლოს განჩინებების მიღმა ეს პირდაპირი წვდომა სამართალდამცავებს აძლევდათ იმის რეალურ საშუალებას, რომ საერთოდაც არ მიემართათ სასამართლოსთვის და ისე განეხორციელებინათ მოსმენები.

 

“ჩვენი ინფორმაციით, ის ათასობით ჩანაწერი, რომელიც დღესაც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროში სწორედ პირდაპირი წვდომის პირობებში, სასამართლო განჩინებების გარეშეა გაკეთებული. თუ ეს შესაძლებლობა კვლავ დარჩა, ცხადია, მთავარი მიზანი, რომელიც ამ კანონპროექტს აქვს, რომ დააზღვიოს ამ პროცესში სამართალდამცავთა უკანონო მოქმედებები, ეს მიზანი ვერ იქნება მიღწეული, იმიტომ, რომ პრინციპული ნორმა არ იქნა პარლამენტის მხრიდან ამ ეტაპზე მხარდაჭერილი”, – აცხადებს კახა კოჟორიძე.

კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

 

მისი განმარტებით, აღნიშნული კანონის რედაქტირება შესაძლებელი იქნება მეორე მოსმენამდე:  

 

“ეს კანონპროექტი არის პირველი მოსმენით მიღებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ის შეიძლება გადაკეთდეს, შეიცვალოს შესწორდეს და ესეც ხდება ხოლმე მეორე მოსმენაზე, მუხლობრივი განხილვის დროს.

დეპუტატები აცხადებენ იმას, რომ კომისია შეიქმნება, და ვნახოთ, რას გვირჩევს ის კომისია, მაგრამ მე ამ ტიპის კომისიებისადმი სკეპტიკურად ვარ განწყობილი და მაღალი ალბათობით შემიძლია ვივარაუდო, რომ თუ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ დარჩება ძალაში, მერე კომისიის დასკვნებს, არა მგონია, რაიმე შედეგი ამ ნორმის უკეთ ცვლილების კუთხით მოყვეს”, – აცხადებს კახა კოჟორიძე.

 

 

29 მაისს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 97 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები.” აღნიშნული კანონპროექტით, ფარული მოსმენა განზრახ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში იქნება დასაშვები, თუმცა ჯერჯერობით გარკვეული არ არის, ვის ექნება პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღები – იქნება ეს მობილური კომპანიები, სასამართლო, თუ რაიმე დამოუკიდებელი ორგანო. აღნიშნულ საკითხებზე სპეციალურმა კომისიამ უნდა შეიმუშაოს რეკომენდაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი