„საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, საბერძნეთის სასამართლოში მიმდინარეობს იმის განხილვა, მოხდება თუ არა დათა ახალაიას ექსტრადიცია საქართველოში. გუშინ დაიწყო ეს პროცესი და სავარაუდოდ ამ კვირაში დამთავრდება.“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან.
მას შეკითხვა სასამართლოს მიერ დავით კეზერაშვილის გამართლებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს. „ჩვენ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მხოლოდ სასამართლოს სარეზოლუციო გადაწყვეტილება, არ ვიცით, სასამართლო რით ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამავე სასამართლომ, რომელმაც გაამართლა დავით კეზერაშვილი, გაამტყუნა მეირ ჯანაშვილი, დავით კეზერაშვილის დის ქმარი, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სპირტის კონტრაბანდას საქართველოდან საფრანგეთში. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტლება ჩემთვის პირადად გაუგებარია, ვინაიდან ჩვენ ვედავებოდით სწორედ იმას, რომ დავით კეზერაშვილი „კრიშავდა“ თავისი დის ქმარს, რომელიც საქართველოში იყო სპირტის ბიზნესის მონოპოლისტი.“ – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
იგი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა კითხვაზე ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით: „ამ ეტაპზე ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალურ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და როცა პროკურატურა დასრულებს მუშაობას, ამის შესახებ აცნობებს საზოგადოებას.“
რაც შეეხება ბათუმში 2008 წელს მოკლული ჯარსკაცის, როინ შავაძის საქმეს, ირაკლი შოთაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.







