ახალი ამბები

ეს დანაშაულია, რაც არჩევნების დელეგიტიმაციას ნიშნავს – ვაშაძე პირადობების თემაზე

20 ნოემბერი, 2018 • 1587
ეს დანაშაულია, რაც არჩევნების დელეგიტიმაციას ნიშნავს – ვაშაძე პირადობების თემაზე

ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” და “ევროპული საქართველო” ხელისუფლებას მიმართავენ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე, რომელიც არჩევნების გაყალბების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭვდვას ეხება.

იმ პირებს კი, ვისაც შესაძლო დანაშაულზე ინფორმაცია აქვთ, სამართალდამცავ უწყებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.

როგორც “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, “ქართული ოცნება” ხვდება, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს და არჩევნებში მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებას კანონდარღვევით გეგმავს:

“მინდა ყველას ვუთხრა და ამას ვაკეთებ გაერთიანებული ოპოზიციის და ყველა მხარდამჭერის სახელით: პირადობების მოწმობების გაყალბება ეს არის სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული, რაც ფაქტობრივად არჩევნების დელეგიტიმაციას ნიშნავს.

ეს არის ტოტალიტარიზმისკენ გადადგმული მძიმე ნაბიჯი, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს ერთმევათ თავისი ნების თავისუფლად გამოხატვის და საკუთარი ხელისუფლების დემოკრატიულად არჩევის საშუალება. ივანიშვილის ეს მოქმედება სახელმწიფოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების სრულ გაუქმებას ნიშნავს საქართველოში,” – ამბობს ვაშაძე.

პრეზიდენტობის კანდიდატი მიმართავს პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებაში ჩართულ პირებს და აფრთხილებს, რომ ეს საქართველოს კანომდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია:

“მინდა გავაფრთხილო ყველა თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე, ვინც ამ კანონსაწინააღმდეგო პროცესშია ჩართული. მეგობრებო, ეს არის უმძიმესი დანაშაული, საქართველოს კანონმდებლობით ის ისჯება უმკაცრესად. ნუ შეასრულებთ ამ ძირგამომპალი ხელისუფლების, ოლიგარქების განკარგულებებს და დანაშულებრივ ბრძანებებს, ეს რეჟიმი დამთავრებულია და მას ვერანაირი გაყალბებები ვეღარ უშველის,” – ამბობს ვაშაძე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგი კაპანაძე კი მოუწოდებს მათ, ვისაც ყალბი პირადობების მოწმობების შესაძლო დამზადებაზე ინფორმაცია აქვს, როგორც სამართალდამცავ უწყებებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებს, მიაწოდონ ამის შესახებ ინფორმაცია:

“ეს არ არის ის ნაბიჯი, რომელიც შეიძლება დავიწყებული იქნას ან ნაპატიები ვინმეს მიერ და ნუ გადააყოლებენ ქვეყნის ინტერესებს თავის ვიწროპარტიულ ინტერესებს. გარდა ამისა, მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებ,ს რომლებიც ამ სისტემაში არიან და შეხება აქვთ ასეთი ტიპის დანაშაულთან- თუ რაიმე სახის ინფორმაცია აქვთ, აუცილებლად მიაწოდონ როგორც შესაბამსი სტრუქტურებს, ისე არასამთვრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პარტიებსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს,” – ამბობს კაპანაძე.


საია-ს, სამართლიანი არჩევნებისა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გასულ კვირას მათ მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ.

არასამთავრობოების წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები სააგენტოს სჭირდება არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაყალბებისთვის.

“მისი თქმით, პირადობის მოწმობები სააგენტოს რამდენიმე ტერიტორიულ სამსახურში იბეჭდება. ასევე წყაროს განმარტებით, იმ რეგიონებში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან „სანდო” პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას „სანდო” პირები მიავლინეს. წყაროს ინფორმაციით, ასეთ „არასანდო” პირებად მიჩნეულნი იყვნენ სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე.

წალენჯიხაში ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი მისი მივლინებაში ყოფნის განმავლობაში მანუჩარ ნაჭყებიამ ჩაანაცვლა. მივლინებაში ყოფნა არკადი ფიფიამ ჩვენს წარმომადგენლებს დაუდასტურა. მოპოვებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ასევე მივლინებაში იმყოფება ზურაბ ხვედელიძე, რომლის მოვალეობასაც გვანცა მენაფირე ასრულებს”, – აცხადებენ არასამთავრობოები.

სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი სოსო გიორგაძე ამბობს, რომ “გაუგონარი ცილისწამებაა” არასამთავრობოების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ყალბი პირადობების სავარაუდო ბეჭდვის შესახებ.

“გაუგონარი ცილისწამება” – რას პასუხობს სოსო გიორგაძე NGO-ებს

მასალების გადაბეჭდვის წესი