ახალი ამბები

“გაუგონარი ცილისწამება” – რას პასუხობს სოსო გიორგაძე NGO-ებს

20 ნოემბერი, 2018 • 2915
“გაუგონარი ცილისწამება” – რას პასუხობს სოსო გიორგაძე NGO-ებს

სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი სოსო გიორგაძე ამბობს, რომ “გაუგონარი ცილისწამებაა” არასამთავრობოების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ყალბი პირადობების სავარაუდო ბეჭდვის შესახებ.

გიორგაძის განცხადებით, ამ ბრალდების შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციას მიმართა. თავის მხრივ NGO-ები პროკურატურას მიმართავენ არჩევნების შესაძლო გაყალბების მცდელობის გამოძიების მოთხოვნით.

სოსო გიორგაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რის შესახებ საუბრობდნენ არასამთავრობოები და მათ მიერ მოყოლილის თეორიულად წარმოდგენაც კი უჭირს. მისი თქმით, ცესკოსთვის მათ მიერ მიწოდებული მონაცემები საარჩევნო სიასთან დაკავშირებით არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დადებითი შეფასების საგანი.

“ამ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს მიერ გაკეთდა შეფასება, რომ ამომრჩეველთა სიების მიმართ არსებობს ნდობა”, – თქვა სოსო გიორგაძემ.

ის ამბობს, რომ ცენტრის თანამშრომლები შეურაცხყოფილი არიან არასამთავრობოების დღევანდელი განცხადებით.

მისი თქმით, ბიომეტრიული დოკუმენტები, მათ შორის პირადობები, საქართველოს მასშტაბით სულ 3 ადგილას იბეჭდება: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გიორგაძის თქმით, ამ ჩამონათვალში არ არის წალენჯიხა და გარდაბანი, რომელიც NGO-ებმა დაასახელეს.

მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას წალენჯიხისა და გარდაბნის ცენტრების ხელმძღვანელების მივლინებაში ყოფნასთან დაკავშირებით და თქვა, რომ სააგენტოს  1300-ზე მეტი თანამშორმელი ჰყავს.

“არ არსებობს დღე, როცა ვიღაც არ არის მივლინებაში”, – განაცხადა გიორგაძემ და დასძინა, “თუმცა ამ საკითხს მნიშნელობა არ აქვს, რადგან აღნიშნულ ორ რაიონებში ბიომეტრიული დოკუმენტები არ იბეჭდება”.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ განუცხადებიათ, რომ მაინცდამაინც ბიომეტრიული პირადობების მოწმობები იბეჭდება.

“ჩვენ არ ვიცით და არც დაგვიზუსტებია, ძველი პირადობის მოწმობები იბეჭდება თუ ახალი. ეს უნდა დადგინოს პროკურატურამ, ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო. როგორც ვიცი, ძველი პირადობების საბეჭდი აპარატები არის რეგიონებში”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ეკა გიგაურმა.

რეგიონებში ძველი ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობების საბეჭდი მანქანების არსებობის შესახებ ჟურნალისტებმა სოსო გიორგაძესაც დაუსვეს კითხვა. კითხვაზე, არის თუ არა წალენჯიხასა და გარდაბანში მოწყობილობები, რომლითაც ძველი, არაბიომეტრიული პირადობის მოწმობების დასაბეჭდად გამოიყენება, გიორგაძე არ პასხუსობს, თუმცა ამბობს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ასეთი დოკუმენტები ქვეყნის მასშტაბით ერთეულ შემთხვევებში იბეჭდება, ბოლო თვეების განმავლობაში კი საერთოდ არ დაბეჭდილა:

“შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ დღეს, 20 ნოემბერს, ბოლო 5 წლის განმავლობაში, საერთოდ 2012 წლიდან მოყოლებული, არაბიომეტროული დოკუმენტების ბეჭვდვა არამხოლოდ წალენჯიხაში ან გარდაბანში შესაძლებელია იყოს, მხოლოდ ერთეულები მთელი ქვეყნის მასშტაბით რაც დაიბეჭდა და ბოლო თვეების განმავლობაში საერთოდ არ იბეჭდება – ეს არის ცალსახა პასუხი ამაზე” ,- ამბობს სოსო გიორგაძე.

სააგენტოს უფროსი ამბობს, რომ არასამთავრობოები მათ სისხლის სამართლის დანაშაულში ადანაშაულებენ და მტკიცებულებებიც უნდა წარადგინონ.

გიორგაძის თქმით, როდესაც ასეთი ბრალდებები კეთდება, უნდა იყოს რიცხვებით დასაბუთება, რომ ამომრჩეველთა სია მართლაც გაიზარდა.


საიას, სამართლიანი არჩევნებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გასულ კვირას მათ მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ.

არასამთავრობოების წყაროს თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები სააგენტოს სჭირდება არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაყალბებისთვის.

“გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოგვაწოდა ინფორმაცია სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. მისი თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გადაწყდა. მისი თქმით, ამ პროცესს ხელმძღვანელობენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე. წყაროს განმარტებით, წინა კვირას ამ თემაზე სპეციალური თათბირიც ჩატარდა. გეგმის თანახმად, ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო ხუთი პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი, გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტო ამ ერთი პირის იქნებოდა. ამ პირის მონაცემები აისახება რამდენიმე საარჩევნო უბნის საარჩევნო სიაში და, შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ერთმა ადამიანმა სხვადასხვა პირადობით რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა, რაც  ე.წ. „კარუსელის” პრინციპით ხმის მიცემას წარმოადგენს”, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

მათივე ცნობით, წყაროს არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მასშტაბის არის აღნიშნული გეგმა, ან სულ რამდენი ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება იგეგმება.

“მისი თქმით, პირადობის მოწმობები სააგენტოს რამდენიმე ტერიტორიულ სამსახურში იბეჭდება. ასევე წყაროს განმარტებით, იმ რეგიონებში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან „სანდო” პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას „სანდო” პირები მიავლინეს. წყაროს ინფორმაციით, ასეთ „არასანდო” პირებად მიჩნეულნი იყვნენ  სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე. წალენჯიხაში ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი მისი მივლინებაში ყოფნის განმავლობაში მანუჩარ ნაჭყებიამ ჩაანაცვლა. მივლინებაში ყოფნა არკადი ფიფიამ ჩვენს წარმომადგენლებს დაუდასტურა. მოპოვებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ასევე, მივლინებაში იმყოფება ზურაბ ხვედელიძე, რომლის მოვალეობასაც გვანცა მენაფირე ასრულებს.

ამ დროისთვის, ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეუძლებელია განისაზღვროს, რამდენად მასშტაბურია ეს გეგმა”, – აცხადებენ არასამთავრობოები.

ყალბი დოკუმენტების დამზადება და არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. NGO-ების თქმით, ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საარჩევნო გარემოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობა.

“აუცილებელია, რომ შესაბამისი საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბების ფაქტით. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და მიიღოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები”, – აღნიშნავენ არასამთავრობოები.

არასამთავრობოების განცხადებით, ისინი არჩევნების დღეს ყურადღებით დააკვირდებიან კენჭისყრის პროცესს.

მნიშვნელოვანია სიების შესწავლა, ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშობთ. ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას მოვუწოდებ, რომ როდესაც მათთან მივა სია, რეალურად შეისწავლოს, ხდება თუ არა დუბლირება, და გამორიცხოს ეს საკითხები. მეორე, კენჭისყრის დღეს ჩვენი დამკვირვებლები იქნებიან უბნებზე, ისინი ყურადღებას მიაქცევენ როგორც მარკირების პროცესს, რომ მარკირების გარკვეული აღნიშვნითაც კი არ მოხდეს ამ პირთა დაშვება, და შემდგომ ვერიფიკაციის კომპონენტისას რეგისტრატორებთან რეალურად გადავამოწმოთ, არის თუ არა ამ პირთა მონაცემები ბაზაში. მართალია, რთული იქნება, თუმცა ჩვენ ჩვენი მხრივ ყველანაირად ვეცდებით ამ ფაქტების გადამოწმებას კენჭისყრის დღეს”, – აცხადებს ირმა პავლიაშვილი, საიას წარმომადგენელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი