ახალი ამბებიეკონომიკა

მიკროსაფინანსოებს “ქართუს” პირობებზე დასაფიქრელად დრო 5 დეკემბრამდე აქვთ – შენგელია

20 ნოემბერი, 2018 • 3191
მიკროსაფინანსოებს “ქართუს” პირობებზე დასაფიქრელად დრო 5 დეკემბრამდე აქვთ – შენგელია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ვალების ჩამოწერის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, დრო 5 დეკემბრამდე აქვთ. ამ ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელის, ბესიკ შენგელიას თქმით, იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომლებსაც ამ პროექტში მონაწილეობის მიღება სურთ, “ქართუსთან” ხელშეკრულება 5 დეკემბრამდე უნდა გააფორმონ. შენგელია განმარტავს, რომ ისინი მოლაპარაკებებს უშუალოდ “ქართუსთან” არ აწარმოებენ და ამ პროცესში შუამავლის როლს ეროვნული ბანკი ასრულებს.

“ნებაყოფლობითი პროცესია და ვისთვისაც ეს პირობები მისაღები არ იქნება, უარს იტყვის. სამუშაო დოკუმენტში, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გაეგზავნათ, საუბარია მხოლოდ ძირ თანხაზე. ეს თანხა მსესხებლის შემთხვევაში სრულად დაიფარება, თუმცა გამსესხებელი კომპანიისთვის იმის მიხედვით, რამდენად ხანდაზმულია სესხი, გათვალისწინებულია ძირის 9 ან 14%. 2018 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე გაპრობლემებური სესხის შემთხვევაში 14%, დანარჩენ კრედიტებზე- 9%”, – აცხადებს ბესიკ შენგელია.

მისივე თქმით, ფონდი “ქართუ” ფარავს მხოლოდ ძირ თანხას. რაც შეეხება ჯარიმებსა და პროცენტებს, როგორც შენგელია ამბობს, ვადაგადაცილებული სესხის ამ ნაწილს ფონდი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ გადაუხდის. მაგალითად, თუ სესხს 2018 წლამდე აქვს ვადაგადაცილებულის სტატუსი მინიჭებული და კრედიტის ძირი თანხა 1000 ლარია, “ქართუ” მიკროსაფინანსოს მხოლოდ 90 ლარს გადაუხდის. რაც შეეხება მიმდინარე ვადაგადაცილებულ სესხებს, 1000 ლარზე ქართუ 140 ლარს იხდის.

კითხვაზე, რომელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არიან მზად, “ქართუს” პირობებზე დათანხმდნენ, კახა შენგელია პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს, რადგან შეთავაზებების პირობების განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაცია, რომლის ხელმძღვანელიც ბესიკ შენგელიაა, 24 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აერთიანებს. მათ შორის არიან “კრისტალი”, “კრედო”, “ფინკა ბანკი”, “სვის კაპიტალი”, “გიროკრედიტი” და სხვა.

19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 600 ათას მოქალაქეს ვადაგადაცილებული სტატუსის მქონე სესხი ჩამოეწერება. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სესხის ჩამოწერა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებათ, ვისი კრედიტის ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. ამ სესხების საერთო მოცულობა დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ამასთან, ფინანსთა სამინისტრო ვერ აზუსტებს, თუ რეალურად რა თანხას ხარჯავს ფონდი “ქართუ” ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ვალების გასანულებლად. სამინისტროს თანახმად, ეს “ქართუსა” და საფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკების საკითხია.

“ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი ვალების განულების ინიციატივისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი