ზურაბიშვილის მხარდამჭერბმა არჩევნების თარიღი გამოცხადებამდე 3 დღით ადრე დაასახელეს [ვიდეო]

თელავში გამართულ შეხვედრაზე მოძრაობის – “მე ვიცავ თავისუფლებას” – წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღე ოფიციალურად გამოცხადებამდე 3 დღით ადრე დაასახელეს.

მოძრაობის გვერდზე 11 ნოემბერს გაზიარებულია ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირი ეთერის ვიდეოჩანაწერი, სადაც ორი გამომსვლელი ამბობს, რომ მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ეს მაშინ, როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შესაჯამებლად სხდომა დღეს, 14 ნოემბერს, დანიშნა და ინფორმაციაც ამის შესახებ მანამდე არ გაუვრცელებია.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ კენჭისყრის თარიღად ცესკომ 28 ნოემბერი, ოთხშაბათი დღე დაასახელა.

“მე ვიცავ თავისუფლებას” შეხვედრა თელავში

თელავში გამართულ შეხვედრაზე მოძრაობის – “მე ვიცავ თავისუფლებას” – წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღე ოფიციალურად გამოცხადებამდე 3 დღით ადრე დაასახელეს.
ვრცლად წაიკითხეთ: http://netgazeti.ge/news/319496/

Posted by netgazeti.ge on Wednesday, 14 November 2018

მოძრაობის – “მე ვიცავ თავისუფლებას” – შეხვედრაზე ერთ-ერთი გამომსვლელი, რომელმაც კენჭისყრის დღედ 28 ნოემბერი დაასახელა, საკრებულოს ყოფილი წევრი “ქართული ოცნებიდან” დავით ჯორჯაძე იყო. როგორც ჯორჯაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, მას კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონია და ეს მხოლოდ მისი ვარაუდი იყო, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებშიც ხმიანდებოდა:

“ინფორმაცია კი არ მქონდა, უბრალოდ, ტელევიზორში ვუსმენდი ხოლმე და სავარაუდო თარიღად სახელდებოდა 28 ნოემბერი. სხვთა შორის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისგან უფრო ხშირად, რომ შეიძლებოდა 28 ნოემბერს ყოფილიყო არჩევნები და ეს უბრალოდ ვარაუდის დონეზე მოვუწოდე ხალხს. ინფორმაცია საიდან უნდა მქონოდა, არავითარი თანამდებობა არ მაქვს და  საჯარო მოხელე მე არ ვარ”, – ამბობს ჯორჯაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მოძრაობამ – “მე ვიცავ თავისუფლებას”- საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განაცხადა, რომ მეორე ტურამდე ქვეყნის მასშტაბით გამართავს არაერთ ღონისძიებას “ნაციონალური მოძრაობისა” და პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ, რათა არ დაუშვან ყოფილი ხელისუფლების დაბრუნება.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს, ოთხშაბათს, დანიშნა. ცესკომ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების პროტესტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიუხედავად მიიღო.

გადაწყვეტილება ცესკოში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კამათის ფონზე დაამტკიცეს. გადაწყვეტილება 9 ხმით მიიღეს. სხდომა, სადაც ეს საკითხი გადაწყვიტეს, ოპოზიციამ კამათის შემდეგ დატოვა.

როგორც ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ, ცესკოში დღევანდელ დისკუსიას, რასაც არჩევნების თარიღის გამოცხადება მოჰყვა, “აზრი არ ჰქონდა”, რადგან ეს თარიღი უკვე წინასწარ იყო დადგენილი “ქართული ოცნების” მიერ.

14 ნოემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ამავე დროს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანია, არჩევნების თარიღი მანამდე დაასახელა, სანამ ცესკო თარიღს გამოაცხადებდა. იქამდე “ნაციონალური მოძრაობის” წევრთა ნაწილი ფეისბუკზე წერდა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მეორე ტურის დანიშვნას, ხელისუფლების დავალებით, სწორედ 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს გეგმავდა.

საქართველოში მოქმედი 3 სადამკვირვებლო ორგანიზაცია – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” – ცესკოს არჩევნების შაბათს დანიშვნისაკენ მოუწოდებდა.

სხდომის შემდეგ ცესკომ 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოაცხადა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.