ნეტგაზეთი | “მწვანე ალტერნატივა”: დარიალის ხეობაში გარემოსდაცვითი საკითხები უგულებელყოფილი იყო “მწვანე ალტერნატივა”: დარიალის ხეობაში გარემოსდაცვითი საკითხები უგულებელყოფილი იყო – Netgazeti

“მწვანე ალტერნატივა”: დარიალის ხეობაში გარემოსდაცვითი საკითხები უგულებელყოფილი იყო

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” დარიალის ხეობაში ზვავის ჩამოწოლის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დარიალის ხეობაში ჰესების მშენებლობისას გარემოსდაცვითი საკითხები უგულებელყოფილი იყო.

“სამწუხაროდ, ამ დღეებში მედიით ვრცელდება საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა დეზინფორმაციული განცხადებები, თითქოს გარემოსდამცველები დევდორაკის მყინვარიდან ჩამოწოლილი მეწყერის მიზეზად დარიალის ხეობაში მშენებარე ჰესებს ასახელებენ. ასეთი განცხადებებით ისინი ცდილობენ მიჩქმალონ ამ პროექტების დამტკიცებისა და განხორციელების პროცესში მიღებული მთელი რიგი უპასუხისმგებლო და შესაძლოა, კორუფციული გადაწყვეტილებები. ჩვენი ორგანიზაცია მიუთითებდა იმ პრობლემებზე, რაც შეექმნა ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას ამ სტიქიური უბედურების შედეგად, არასრულყოფილად ჩატარებული გზშ-სა და კანონდარღვევით გაცემული ნებართვების გამო.

მწვანე ალტერნატივა არაერთხელ აღნიშნავდა, რომ დარიალ-ჰესისა და ლარსი-ჰესის მშენებლობის ნებართვებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების გაცემის პროცესში უგულელყოფილი იქნა არაერთი გარემოსდაცვითი საკითხი”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

აქვე აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია ჰესის მშენებლობის დაწყებამდე ყოველთვის გამოთქვამდა შეშფოთებას, რასაც გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტები არ იზიარებდნენ. “მწვანე ალტერნატივაში” აცხადებენ, რომ სტიქიის შემოტევის განმეორების საფრთხე კვლავ არსებობს:

 

“სამწუხაროდ, შესაძლებელია ისევ განმეორდეს სტიქიის შემოტევა დევდორაკიდან. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ღვარცოფული მდინარე, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ამ პროექტის განხორციელებისათვის. ანალოგიური საშიშროებაა მოსალოდნელია ყუროსგან და ჩხერისგან – სწორედ ამ მდინარეების შერთვის ადგილას არის დაგეგმილი „დარიალჰესის“ კაშხალის, სალექარისა და სათავე ნაგებობის აშენება.


პროექტის დამტკიცებული სახით განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი პროცესები: თერგის მიერ თავისი მრავალრიცხოვანი შენაკადებიდან წამოღებული ნატანი დაგროვდება ყუროს და ჩხერეს შესართავებთან, რაც გამოიწვევს თერგის კალაპოტის აწევას. ღვარცოფული მდ. ყურო თავის ჩამოტანილ მასალას ვეღარ გაატანს თერგს, იგი დაგროვდება, გამოავსებს ისედაც ვიწრო ყუროს ხეობას, რის შედეგადაც დაბა სტეფანწმინდა, რომელიც მდ. ყუროსა და მის სამხრეთით მდებარე ორი ხევის მიერ შექმნილ გამოზიდვის კონუსზე მდებარეობს, საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. თერგის მარჯვენა შენაკადის – ყუროს მსგავსად, იგივე პროცესები იქნება მდ. ჩხერიც მიმართებაშიც, რომელიც იმავე ადგილას, მარცხნიდან უერთდება თერგს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.

 

დარიალის ხეობა
დარიალის ხეობა


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანი ბერუკაშვილი