ახალი ამბები

სარალიძეს გააჩნია უფლება, დადგას კარავი – მდინარაძე

11 ნოემბერი, 2018 • 1285
სარალიძეს გააჩნია უფლება, დადგას კარავი – მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გუშინ, 10 ნოემბერს, პარლამენტის წინ, სარალიძე/მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ზაზა სარალიძეს გააჩნია უფლება, დადგას კარავი და ისე გამოხატოს პროტესტი.

“თუ კარვის დადგმაზეა საუბარი, ზაზა სარალიძეს ამის უფლება გააჩნია. მე ვფიქრობ, მას ეს უფლება არ უნდა შეეზღუდოს. ჩვენ არავის არ შევუზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას,- ეს ჩვენი სტილი არ არის”, – თქვა მან.

მმართველი გუნდის წევრმა ასევე გააკრიტიკა “ნაციონალური მოძრაობა” და აღნიშნა, რომ შვილმკვდარ მამას პარტია “ბინძურად” იყენებს.

“ძალიან სამწუხაროა, რომ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ შვილმკვდარი მამა გამოყენებულია ძალიან ბინძურად, მაგალითად, პერსონალურად კახი კალაძის საწინააღდმეგოდ, რომლის უწყებაm – მერიამ, უბრალოდ თხოვნა და გაფრთხილება დააფიქსირა ზაზა სარალიძის მიმართ”-ამბობს მამუკა მდინარაძე.

რატომ მოეწყო აქცია 10 ნოემბერს და რა ხდებოდა მანამდე?

9 ნოემბერს ზაზა სარალიძემ წერილი მიიღო თბილისის მერიისგან, რომლითაც ქალაქის მთავრობა აუწყებდა, რომ 7 დეკემრბიდან უნდა შეეცვალა აქციის ჩატარების ადგილი, რადგან პარლამენტთან საახალწლო ნაძვის ხისა და ღონისძიებების მოწყობა იგეგმებოდა. აღნიშნულს წინ უძღოდა სარალიძის წერილი, რომლითაც მან მერიას 1 ნოემბერს მიმართა და აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელება სთხოვა.

პასუხად, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ არსად წასვლას აპირებდა, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ამავე დღეს, არასამავრობო ორგანიზაიცებმა ჩანიშნეს აქცია, რომელიც ორ საკითხს მოიცავდა:

  • ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე სარალიძისა და მაჩალიკაშვილისათვის პარლამენტის წინ, ტროტუარზე კარვის გაშლაში ხელშეშლა სახელმწიფოს მხრიდან.
  • მერიის მოთხოვნა შვილმოკლული მამებისათვის, საახალწლო ნაძვის ხის დადგმის გამო, შეეცვალათ აქციის ადგილმდებარეობა 7 დეკემბრამდე.

აქცია 10 ნოემბერს, 20:00-ზე დაიწყო და მალევე გადაიზარდა პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში. პოლიციელებმა ისევ სცადეს, დემონსტრანტებისთვის ჯერ კიდევ გაუშლელი კარვები წაერთვათ, რასაც მოქალაქეთა წინააღმდეგობა მოჰყვა. გაწევ-გამოწევისას შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძე, მოგვიანებით კი მისი დედა. საბოლოოდ, ორივე მათგანის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიციის ქმედება უკანონოა და მოქალაქეებს უფლება აქვთ, ისარგებლონ შეკრებისა და მანიფესტაციების კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი უფლებით – გაშალონ კარავი პროტესტის გამოსახატად. მოგვიანებით, მათ კარვები პარლამენტთან მაინც განათავსეს და განაცხადეს, რომ იქ მთელ ღამეს დარჩებოდნენ.

კარვის გაშლის შეზღუდვას გასული პერიოდის მანძილზე ეხმაურებოდა სახალხო დამცველიც, რომელიც სახელმწიფოს ამ ქმედებას შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაში ჩარევად აფასებდა. ომბუდსმენმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც წარადგინა.

სახალხო დამცველმა ასევე გააკრიტიკა მერიის მოთხოვნა სარალიძე/მაჩალიკაშვილისადმი აქციის ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი კანონმდებლობის ნორმებს სცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი